დავით მათიკაშვილი: თუ ანტიკონსტიტუციური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია გერმანიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, თუ ამას ევროკომისრები დემოკრატიის წინსვლად აფასებენ, საქართველოში „რუსულ კანონს“ ვიღებთ ისევ?!
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით „ღამის კურიერის“ ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
კითხვაზე, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, ხომ არ დაზარალდება ქვეყნის საგარეო იმიჯი უცხოელ პარტნიორებთან, მათიკაშვილი პასუხობს, რომ თუ სხვა ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, ან თუნდაც უკრაინასა და მოლდოვაში, დასაბუთებული არგუმენტებით მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დასაშვები და მისაღებია, რატომ არ არის ეს მისაღები საქართველოსთვის?
როგორც მათიკაშვილი აცხადებს, დაუსაბუთებელი ბრალდებებით სავსე კრიტიკა და რეზოლუციები არაერთხელ გაჟღერებულა.
„რაც შეეხება ბრძოლისუნარიანი დემოკრატიის საკითხსა და კრიტიკას, ჩვენ აქამდეც არაერთგზის მოგვისმენია აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებებით სავსე კრიტიკა და რეზოლუციები, რომლებიც მართლა ჩალის ფასი ღირს. თუკი ანტიკონსტიტუციური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია გერმანიაში, უკრაინასა და მოლდოვაში, თუ ამ ყველაფერს ევროკომისრები დემოკრატიის წინსვლად აფასებენ და აქებენ, საქართველოში „რუსულ კანონს“ ვიღებთ ისევ?
აი, ამ მოცემულობაში ვართ და ჩვენი ბრძოლისუნარიანი დემოკრატიის პრინციპებს გავიტანთ ბოლომდე. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენი საზოგადოების ნდობაა. ჩვენი ლეგიტიმაცია მოდის ჩვენი ხალხისგან და ეს არ არის მოგონილი, არც მემკვიდრეობით მიღებული, არც სადღაც ქუჩაში ნაპოვნი და არც ციდან ჩამოვარდნილი ბენეფიტი. ეს იმ საქმიდან გამომდინარე დაფასებაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე აკეთებს. ამ ნდობას ჩვენ ვერ გავფლანგავთ ვერცერთი ფოჩიანი კანფეტისა და წითელი ხალიჩის გამო, რომელზეც სიარულის სანაცვლოდ ქვეყნის დანგრევისკენ გვიბიძგებდნენ. არ გადავდგით ეს ნაბიჯები და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა არ გადადგა ეს ნაბიჯი ყველაფრის მიუხედავად, რა ზეწოლაც მასზე მოდიოდა და მოდის. აი, ეს არის მოცემულობა და ამას ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.