დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ღრმა დეპრესიული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს, თუმცა მათი მოცემულობა ძალიან სავალალოა

„ჩვენც გვსმენია კულუარულად გამოსული ხმები, თუ როგორი დასანანია რადიკალური ოპოზიციისთვის ის, რომ დღეს პარლამენტში ცალკეული წევრები არ არიან, თუმცა უარს ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოსული დავალებების შესრულებაზე ვერავინ ამბობს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დღევანდელი ოპოზიციის მოცემულობა სავალალოა.
„ხელმოცარულობის გამო არსებულ ღრმა დეპრესიული სიტუაციიდან, თითქოს, რაღაც გამოსავალს ეძებს რადიკალური ოპოზიცია. დღევანდელი მათი მოცემულობა არის ძალიან სავალალო. ჩვენც გვსმენია კულუარულად გამოსული ხმები, თუ როგორი დასანანია მათთვის ის, რომ დღეს პარლამენტში არ არიან ცალკეული წევრები, თუმცა იმ დავალებებს, რომლებსაც ქვეყნის ფარგლებს გარედან იღებენ, ბუნებრივია, როგორც ნებისმიერი აგენტი ამ დავალების შესრულებაზე უარს ვერავინ ვერ ამბობს.
ტყუილი და თვალთმაქცობაა, რომ უეცრად მიიღებენ გადაწყვეტილებას, სასაცილოა იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს მათი პრინციპულობის ძალიან „მაღალი ხარისხი“, პუფების ძახილით როგორ შემობრძანდნენ და რიგი დაეწყო რადიკალებისა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც ერთმანეთს პუფებს დავუძახებთო, ვინც კი ფეხს შედგამს პარლამენტშიო“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.