დავით მათიკაშვილი: კონსტრუქციული საუბარი გაიმართა, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა, როგორც ქართულმა, ასევე, ამერიკულმა მხარემ, წერტილი დაესვა სპეკულაციებს, რომლებზეც ოპოზიცია აპელირებდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლს კავკასიაში, ურთიერთობის გადატვირთვისა და გაღრმავების აუცილებლობას შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.
„ნაყოფიერი უწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საუბარს, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან გაიმართა. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლს კავკასიაში, ურთიერთობის გადატვირთვისა და გაღრმავების აუცილებლობას შეერთებულ შტატებთან, დაკავშირებადობის თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელობას და იმ პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, სადაც საქართველო სრულ მზადყოფნას გამოხატავს. ჩვენ კვლავაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ღია ვართ ურთიერთობისთვის, გვაქვს მზაობა ახალი ფურცლიდან ურთიერთსასარგებლო საწყისებზე შეერთებულ შტატებთან განვაახლოთ და გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, წერტილი დაესვა ყოველგვარ სპეკულაციებს, რომლებზეც ოპოზიცია აპელირებდა.
„რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებთან, მის ხელმძღვანელობასთან ეს არ არის პირველი კავშირი. ჩვენ ვნახეთ ვიზიტები შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის, პირველი ლედი იმყოფებოდა სულ ახლახან ვაშინგტონში, ასევე შეერთებული შტატებიდანაც მაღალი თანამდებობის პირები სტუმრობდნენ საქართველოს, ხოლო აგერ დღეს სახელმწიფო მდივანთან კონსტრუქციული საუბარი გაიმართა, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა, როგორც ქართულმა, ასევე ამერიკულმა მხარემ.
ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ, ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციებზე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას საკუთარი აგიტაცია და დემაგოგია აგებული და ბუნებრივია, აქ ყველაფერს საბოლოოდ ესმება წერტილი“, - დასძინა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.