დავით მათიკაშვილი: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - აქტიური ღონისძიებების შედეგად, ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში
„რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების დროს სუს-ის მიერ უმძიმესი პროვოკაცია იყო თავიდან აღკვეთილი, რადგან აღმოაჩინეს გადამალული იარაღი.
„ჩვენ კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა, როგორ მოაწყვეს შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როგორ უნდოდათ, ხელისუფლების გადატრიალება მოეწყოთ და ამაში ისინი აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე 10 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. აღნიშნულის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.