დავით მათიკაშვილი: ესტონეთის საქმეა ელჩის გაყვანის საკითხი, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, კითხვა ბევრია, რა დავუშავეთ ასეთი, რომ აგრესიული და ანტიქართული განწყობა აქვთ? მათი ქმედებები ლოგიკას მოკლებულია
„ელჩის გადაყვანის საკითხი ესტონეთის საქმეა, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ბოლო რამდენიმე წელიწადია, ლოგიკას მოკლებულია მათი ქმედებები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება თუ ომში ჩართვის მოწოდებები.
„ვერ გეტყვით, რატომ აქვს ესტონეთს ასეთი მრუდე დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებით. ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია, აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებულია მათი ქმედებები ოფიციალურ დონეზე, როგორ ასანქცირებენ ჩვენს კონკრეტულ მოქალაქეებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, როგორ ხდება აგრესიული რიტორიკით საქართველოსთან მიმართებით საკუთარი დღის წესრიგის განხორციელება, როგორ მოგვიწოდებდნენ პრაქტიკულად ომში ჩართვაზე, თვითონ კი მშვენივრად აგრძელებენ ვაჭრობას რუსეთის ფედერაციასთან. ჰქონდათ საკმაოდ აქტიური ეკონომიკური კავშირები, ალკოჰოლის მიწოდება, „ჩრდილოვანი ფლოტის“ უზრუნველყოფა რუსეთისთვის და, პირიქით, საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის პრეტენზიებით გამოირჩეოდნენ. არ ვიცი, რა არის ამის საფუძველი, შესაძლებელია, ის ფაქტორიც არის, რომ უკრაინაში ვიდრე ომია, თუკი საქართველოც ჩაერთვებოდა ომში, ისინი უსაფრთხოდ იგრძნობდნენ თავს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოცემულობა. კონკრეტულად, ელჩის გადაყვანის საკითხი ესტონეთის საქმეა, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ამ ურთიერთობებში კითხვის ნიშანი ძალიან ბევრია, რა დავუშავეთ ასეთი ესტონეთს, რომ ასეთი აგრესიული და ანტიქართული განწყობა და მოქმედებები აქვთ?“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.