დავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას
დავით მათიკაშვილი ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიის დუმილზე საუბრობს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს ევროპელი მაღალჩინოსნების რეაქციას თბილისში ძალადობრივ მოვლენებზე და კვლავ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
„კარგად გვახსოვს თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დროს, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით წვავდნენ პოლიციელებს, წვავდნენ შენობებს, აწყობდნენ დესტრუქციას, თუ როგორ ახალისებდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები, ამ სამწუხარო მოვლენებს საქართველოში, უწოდებდნენ მათ მშვიდობიან აქციებს, ყველანაირად ხელს უწყობდნენ იდეოლოგიურად, რომ ეს მწვავე პროცესები გაგრძელებულიყო და პირიქით, სახელმწიფოს აკრიტიკებდნენ იმ ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომების გამო, რასაც პოლიცია ავლენდა თავდამსხმელებისა და მოძალადეების მიმართ. და დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, პოლიცია არაერთ შემთხვევაში ძალის გადამეტებით გამოირჩევა, ათასობით ადამიანია დაკავებული, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას. ამით პრაქტიკულად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმ ძალიან მდარე ორმაგ სტანდარტს, რომლითაც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართებით გამოირჩეოდნენ“, - აცხადებს მათიკაშვილი.