დავით მათიკაშვილი: აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონ ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა
„აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონაც ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ პრაქტიკულად, დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა და სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტის და ზოგადად, ტრამპის ადმინისტრაციის შენიშვნები დიდწილად, სწორედ ამ ღერძის გარშემო ტრიალებს“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„დემოკრატიის პრინციპი არის, რომ არჩევნებში როდესაც იმარჯვებს ერთი პოლიტიკური ძალა, მას გადაეცემა ხელისუფლება და ის მართავს ქვეყანას. რატომ? იმიტომ, რომ ხალხი ენდობა კონკრეტულად ამ პოლიტიკურ ძალას. 2020 წლის არჩევნების დროს ევროკავშირს თვალში არ მოუვიდა, რომ ქართველმა ხალხმა კვლავ „ქართული ოცნება“ აირჩია ხელისუფლად. პრინციპში, იქაც მარიონეტული თემებია, არაფორმალური გავლენის მქონე პირები განკარგავენ, განაგებენ და დირიჟორობენ ამ ყველაფერს, თორემ კაია კალასი რომ არ არის ამ ყველაფრის შემოქმედი, ალბათ, მეც და თქვენც კარგად გვესმის. რა იყო შარლ მიშელის შეთანხმება? ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები, იყო არჩევნები, დამარცხდა ოპოზიცია და გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, უცებ ISFED-მა საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში ტყუილით, ვითომ შეცდომით, რომ რაღაც გაყალბდა და შემდეგ ეს ყველაფერი თითზე დაიხვიეს ევროჩინოსნებმა. აქ ხელოვნურად შექმნეს თითქოს პოლიტიკური კრიზისი და ამ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად თეთრ რაშზე ამხედრებული შარლ მიშელი მოევლინა საქართველოს. რას ნიშნავს ინკლუზიური პროცესი, როდესაც დემოკრატიის პრინციპი გვეუბნება, რომ შენ უნდა მიიღო იმ პროპორციის ხელისუფლება, რა ხმებიც მიიღე არჩევნებზე და მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანად, ყოველგვარი გაყალბების გარეშე გაიმარჯვა არჩევნებში და მიიღო სათანადო პროცენტი, მაინც გვეუბნებოდნენ, რომ კომიტეტები უნდა გადაგვეცა ოპოზიციისთვის, ეროვნულ ბანკში უნდა შეგვეყვანა ოპოზიცია და ეს ოპოზიცია ახალი შესული ხომ არ იყო ამ პოლიტიკურ ველზე? ვინ იყო ის ოპოზიცია? პოლიტიკურ მანტიაში გამოწყობილი კრიმინალები, მედია მანტიაში გამოწყობილი ყოფილი პროკურორი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ბანკირი და ა.შ. ანუ, ნახეთ, რა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“, ჩამოვიდნენ ევროჩინოსნები და გვითხრეს, ქართველი ხალხის ნება ჩვენ არ გვაინტერესებს, უნდა დავიწყოთ ხელისუფლების გადაცემის პროცესიო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ მოაწერა ხელი ხელისუფლებამ ამ დოკუმენტს, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მაშინ აუცილებელი ნაბიჯი იყო, რათა განეიტრალებულიყო იმ დროს არსებული სიტუაცია, კრიზისი და ქვეყანა წასულიყო წინ.
„ეს იყო აუცილებელი პოლიტიკური პროცესი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ამ პერიოდის განმავლობაში არ მოაწერა ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ დოკუმენტსაც კი, სადაც პრაქტიკულად, მათი ინტერესი ბევრად იყო გათვალისწინებული, ვიდრე ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ევროჩინოსნების და არაფორმალური მმართველების სურვილები არ გამართლდა, მეორე პროექტი დაიგეგმა, მიხეილ სააკაშვილის არაჟნის კონტეინერით საქართველოში შემოპარვა და აქაც ჩაფლავდნენ, რადგან სპეცსამსახურებმა ეს ყველაფერი გაშიფრეს და კრიმინალი სააკაშვილი დააპატიმრეს.
„რა თქმა უნდა, ეს იყო კოორდინირებული, გააზრებული გეგმა, სწორედ იმ შარლ მიშელის შეთანხმების გაგრძელება და მისი ნაწილი, როდესაც ერთი გზით ვერ იმუშავა ხელისუფლების კრიმინალებისთვის და რადიკალებისთვის გადაბარების ინსტრუმენტმა, უკვე მეორე რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდნენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც ვერც სააკაშვილის ამ სპეცოპერაციამ ვერ იმუშავა, ისინი დადგნენ რეალობის წინაშე, რომ მოვიდა, კარზე მოაკაკუნა ომმა უკრაინაში, რისი მოლოდინიც აბსოლუტურად ყველას ჰქონდა.
„არ იყო რთული გასათვლელი ის ყველაფერი, როდესაც ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამდა ეს ქვეყანა ამას, სწორად აღიქვამს, თუ არასწორად აღიქვამს, ასე იყო, ასეთი განაცხადი ჰქონდა გაკეთებული რუსეთის ლიდერს, რომ ნატოს გაფართოების მცდელობა თუ იქნება, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩება და უნდა დავიწყოთ ომიო. ეს ახლა კარგი და პოზიტიურიაო, ამაზე ხომ არავინ არ საუბრობს? ინტერვენცია მოხდა და ოკუპაცია არის დღეს უკრაინაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს საფრთხეები ხომ ყველამ ძალიან კარგად იცოდა? საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გადადგამდა ნაბიჯებს და არ ჩაებმებოდა ომში, არ დაუწესებდა სანქციებს და საბოლოოდ, ცეცხლის რკალში არ გახვევდა ქვეყანას, ჩვენი, ჩემი, თქვენი და დანარჩენი ოთხი მილიონი ქართველის ბედ-იღბლის გაწირვის ხარჯზე არ შექმნიდა ამ მოცემულობას. ამის იმედი მათ არ ჰქონდათ. ამიტომ არ მოსწონთ და არ უნდათ „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიო პოლიტიკის მდგენელმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ნიღაბი ჩამოხსნა და გააშიშვლა სპეცსამსახურების გეგმა, მათ შორის, აშშ-ის სპეცსამსახურების, რომელიც USAID-ის და NED-ის გავლით სხვა ქვეყნებში დემოკრატიების ნგრევას ეხებოდა.
„ჩვენ ხომ არ ვართ შეერთებული შტატები, არც საფრანგეთი, არც გერმანია, არ გვყავს დიდი ჯარი, არ გვაქვს დიდი გავლენა. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ საკუთარ ქვეყანაში შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო სივრცეები, რომელიც მაქსიმალურად დაგვიცავს უცხო შემოდინებებისგან, შავი ფულის, რომელიც სწორედ ამ დიდი მეგა ორგანიზაციების, ანუ, ისევ უცხო ქვეყნის სახელმწიფოების მიერ ფინანსდებოდა და საბოლოოდ, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებების ნგრევისთვის იყო გათვალისწინებული ე.წ. სამოქალაქო სექტორის გავლით. ეს როდესაც მოხდა და მოხდა ფაქტია, ყველამ გავიგეთ, მიუხედავად ამ გაშიშვლებისა, რომ მეფე შიშველია და უკვე ითქვა, მაინც ჯიუტად ითხოვენ იმ რეგულაციების გაუქმებას, რომელიც თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვას ემსახურება უცხოური შემოდინებებისგან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეკითხვაზე, ცოტა ხნის წინ ბრიუსელის მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებით იზრდება თუ არა რისკები, რომ ქვეყანამ დაკარგოს 2017 წლის გადაწყვეტილებით მიღებული სიკეთე, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ გამუდმებით ვისმენთ შანტაჟს საქართველოს მიმართ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის შანტაჟის მექანიზმი და მათ ბოლო პედალირების ინსტრუმენტი დარჩათ.
„ხაზს ვსვამ, ჩვენ არ დაგვირღვევია სახელშეკრულებო დონეზე არსებული არცერთი პუნქტი ევროკავშირთან, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ვიზალიბერალიზაციის შეფერხება. აბსოლუტურად ყველა პუნქტში ჩვენ ვართ პირნათელი, როგორც ჩვენი ხალხის მიმართ, როგორც ხელისუფლება, ისე ევროკავშირის მიმართ და გეკითხებით ახლა რიტორიკულად, რა თქმა უნდა, რატომ დგება საკითხი, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს შეიძლება, შეუჩერდეს ვიზალიბერალიზაცია?“, – განაცხადა მათიკაშვილმა.