დავით მათიკაშვილი: 26 მაისს „ნაცმოძრაობას“ ხმა არ აქვს ამოსაღები, გაგახსენებთ, რა მოაწყვეს ამ დღეს - რუსთაველის გამზირზე სისხლის ტბორები დააყენეს
„26 მაისს „ნაცმოძრაობას“ ხმა არ აქვს ამოსაღები. გაგახსენებთ, რა მოაწყვეს ამ დღეს - რუსთაველის გამზირზე სისხლის ტბორები დააყენეს“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა თუკი რადიკალები 26 მაისს გასცდებიან კანონის ჩარჩოებს, სახელმწიფოს ექნება ადეკვატური პასუხი.
„ესენი ხომ რეალურად ის ხალხია, რომლებიც თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის იღებენ ჯამაგირებს უცხოეთიდან. მათ ორგვარი მიდგომა აქვთ. ერთი, რომ უნდათ პირველ რიგში თავიანთ პატრონებს დაანახონ უცხოეთში, რომ აი, ბატონო ჩვენ პოლიტიკურ მოუსავლეთში არ ვართ გადასული ჯერ და კიდევ შეგვწევს ძალა, რომ რაღაც შევქმნათ, მაგალითად აქცია 26 მაისს. მაგრამ რას შექმნიან ეს საზოგადოებამ კარგად იცის.
რისი თავი აქვთ, რომ გააკეთონ?! პოლიტიკურ არენაზე სოლიდური პოლიტიკური ქმედების განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ მას გააჩნია, ვისაც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. მათი მხარდაჭერა რომ ნულოვანია ეს ხომ ფაქტია.
მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, მოაწყონ არეულობა, დისონანსი შეიტანონ იმ დღეს, რა დღესთან დაკავშირებითაც „ნაცმოძრაობას“ ხმა არ აქვს ამოსაღები. გაგახსენებთ, რომ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე სისხლის ტბორები დააყენეს.
ისინი კვლავ ცდილობენ არეულობა შემოიტანონ, მაგრამ ერთი რამ იცოდნენ, რომ ხალხი იზეიმებს ამ დიდებულ დღეს აუცილებლად და ეს რაღაც მცდელობები, რომ დისონანსი შემოიტანონ რა თქმა უნდა არ გამოუვათ.
დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა როგორც კი გადასცდებიან კანონით დასაშვებ საზღვარს, იქ იქნება სახელმწიფო აუცილებლად ადეკვატური“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.