Loading data...
დავით ჩიხელიძე ისლანდიის გადაწყვეტილებაზე: დასავლეთს ამით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გაეგზავნა, სარკეში კი ნათლად გამოჩნდა - ევროკავშირი აღარ არის ისეთი უალტერნატივო, როგორც ეს გარედან ჩანს

პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი დავით ჩიხელიძე ისლანდიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ისლანდიის მოსახლეობამ რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უარი განაცხადა.

ჩიხელიძის შეფასებით, ისლანდიაში გამართულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ (52.8%-მა) ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას საბოლოოდ უთხრა უარი (ხოლო 47.2%-მა დაუჭირა მხარი), რეფერენდუმმა, რეფორმებისა და გაფართოების რიტორიკით გარშემორტყმული ევროპული პროექტისთვის ერთგვარი პოლიტიკური სარკის ფუნქცია იტვირთა და ბრიუსელი სარკეში ჩაახედა.

„ისლანდიის ისტორიული დემარში: ევროკავშირის შესახებ შექმნილი მითი რეალობას შეეჯახა!

ისლანდიაში გამართულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ (52.8%-მა) ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას საბოლოოდ უთხრა უარი(ხოლო 47.2%-მა დაუჭირა მხარი), რეფერენდუმმა, რეფორმებისა და გაფართოების რიტორიკით გარშემორტყმული ევროპული პროექტისთვის ერთგვარი პოლიტიკური სარკის ფუნქცია იტვირთა და ბრიუსელი სარკეში ჩაახედა.

დასავლეთს ამით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გაეგზავნა. სარკეში კი ნათლად გამოჩნდა: ევროკავშირი აღარ არის ისეთი უალტერნატივო და უპირობოდ მიმზიდველი ცენტრი, როგორც ეს გარედან, განსაკუთრებით კანდიდატი თუ ასოცირებული ქვეყნების პერსპექტივიდან ჩანს.

რატომ იყო ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი ისტორიული და მნიშვნელოვანი:

„ილუზიების მსხვრევა“ ევროკავშირი არ არის სავალდებულო პანაცეაათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების ნარატივი ეფუძნებოდა ფუნდამენტურ დაშვებას, რომ ბლოკში წევრობა არის ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს განვითარების საბოლოო, ლოგიკური და აუცილებელი მწვერვალი. ისლანდიის გადაწყვეტილებამ ეს დოგმა პრაქტიკულად გააბათილა.

რეიკიავიკმა აჩვენა, რომ მაღალი განვითარების, მყარი დემოკრატიისა და ცხოვრების უმაღლესი სტანდარტის მქონე ერს შეუძლია, სრულიად ცნობიერად, პრაგმატულად და დემოკრატიულად თქვას უარი ბრიუსელის ერთი შეხედვით, სუპერ-სტრუქტურაში ინტეგრაციაზე.ისლანდიის მაგალითი ამტკიცებს უმთავრეს პოლიტიკურ რეალობას: ევროკავშირის წევრობა არ წარმოადგენს სავალდებულო წინაპირობას წარმატებული, უსაფრთხო, ეკონომიკურად სტაბილური და სუვერენული სახელმწიფოს არსებობისთვის.ევროკავშირის პოლიტიკის "გაშიშვლება" და სუვერენიტეტის საკითხიისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირში დღეს არსებულ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობას აშიშვლებს! ევროკავშირის წევრობა აღარ აღიქმება მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცედ და დღის წესრიგში დგება მთავარი კითხვა: რამდენად თავსებადია ევროკავშირი და ეროვნული ინტერესები/სუვერენიტეტი? ისლანდიელების უარმა გააშიშვლა ევროკავშირის შიდა, ხშირად მოქნილობას მოკლებული და ბიუროკრატიული მანქანა.

მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ეფუძნებოდა არა უბრალოდ ანტიევროპულ პოპულიზმს, არამედ სიღრმისეულ პრაგმატულ გათვლებს. სუვერენიტეტისა და ბუნებრივი რესურსების დათმობის შიში: ისლანდიაში მოლაპარაკებების შეჩერების მომხრეები სწორედ სუვერენიტეტზე აპელირებდნენ. თუმცა სუვერენიტეტის დაკარგვა აქ არ უნდა გავიგოთ მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის ან ქვეყნის საზღვრების დაცვის კონტექსტში. საუბარია გაცილებით მნიშვნელოვან საკითხზე, სახელმწიფოს უფლებაზე, თავად განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკა, ეკონომიკური ინტერესები, რესურსების მართვა და ქვეყნის მომავლის მიმართულება. ევროკავშირის საერთო პოლიტიკა (განსაკუთრებით საერთო თევზჭერისა და სოფლის მეურნეობის სექტორში) ითხოვს ეროვნულ ინტერესებსა და სტრატეგიულ რესურსებზე კონტროლის დათმობას. სწორედ ამ საკითხმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ისლანდიის შემთხვევაში, განსაკუთრებით მწვავედ დადგა თევზჭერის სფერო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისა და ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ევროკავშირის საერთო მეთევზეობის პოლიტიკამ ისლანდიელებში გააჩინა შიში, რომ მათ საკუთარ წყლებში რესურსების მართვაზე კონტროლის ნაწილის დათმობა მოუწევდათ. ისლანდიამ არ ისურვა საკუთარი მთავარი ეკონომიკური ბერკეტის თევზჭერისა და ოკეანის რესურსების ბრიუსელის კვოტებისათვის გადაცემა.

ხისტი ბიუროკრატია, ცენტრალიზაცია და ეროვნული გადაწყვეტილებების რისკი: პრობლემა მხოლოდ თევზჭერა არ არის.

ისლანდიელების ნაწილისთვის ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს რისკს, რომ მომავალში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვეღარ მიიღონ. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ათასობით გვერდიანი რეგულაციის მიღებას. როდესაც ზემდგომი პოლიტიკური გაერთიანება განსაზღვრავს საერთო წესებს, სავაჭრო პოლიტიკას, კვოტებს, ეკონომიკურ რეგულაციებს და სხვა სფეროებში საერთო მიდგომებს, მცირე და მოქნილი ეკონომიკებისათვის ბრიუსელის მძიმე ბიუროკრატია ხშირად ტვირთია და არა უპირატესობა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რამდენად შეძლებს პატარა სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას?საკუთარი ხმის დაკარგვის საფრთხე: ისლანდიის მსგავსი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ევროპარლამენტსა თუ მინისტრთა საბჭოში მათი წარმომადგენლობა მცირე იქნება, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა დიდ სახელმწიფოებს ენიჭებათ. გეოპოლიტიკური სიგნალი, ევროპული პროექტის მომავალი და საქართველოს კონტექსტიისლანდიის რეფერენდუმის შედეგებს უკვე მოჰყვა ფართო გამოხმაურება მთელ კონტინენტზე. ევროსკეპტიკურმა და მემარჯვენე ძალებმა ეს შედეგი საკუთარ გამარჯვებად აღიქვეს.

მათთვის ისლანდია გახდა მაგალითი იმისა, რომ „სხვაგვარი ევროპა შესაძლებელია“ ევროპა, რომელიც დაფუძნებულია სუვერენული ერების ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე და არა ზეეროვნული ბიუროკრატიის დიქტატზე.ბრიუსელისთვის ეს არის სერიოზული განგაშის ზარი. იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ცდილობს პოზიციონირებას, როგორც გლობალური მიზიდულობის ცენტრი, ნორდიკული ქვეყნის უარი აჩვენებს, რომ შიდა სტრუქტურული პრობლემები, ეკონომიკური სიხისტე და სუვერენიტეტის შეზღუდვის მოთხოვნა ბლოკის მიმზიდველობას სერიოზულად ამცირებს.

ამ გლობალურ კონტექსტში განსაკუთრებით თვალსაჩინო და აქტუალური ხდება საქართველოს პერსპექტივა. ისლანდიის პრეცედენტი მკაფიოდ უსვამს ხაზს ფუნდამენტურ პრინციპს: ნებისმიერ სუვერენულ ერს, მათ შორის საქართველოს აქვს სრული, განუყოფელი უფლება, თავად, ყოველგვარი გარეგანი შანტაჟისა და გარეშე გადაწყვიტოს, რომელ საერთაშორისო გაერთიანებაში გაწევრიანდეს ან რა დოზით ითანამშრომლოს მასთან.

სუვერენული სახელმწიფოსა და მისი ხალხის თავისუფალი, პრაგმატული არჩევანი არასოდეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის, შანტაჟისა და სადამსჯელო რიტორიკის საბაბი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ისლანდიის მაგალითმა აჩვენა, რომ პატარა, განვითარებულმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ, რომელიც ევროპასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, მკაფიო არჩევანი გააკეთა: მას სურს თანამშრომლობა, თუმცა არ სურს ისეთი ინტეგრაცია, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას შეუზღუდავს.

შესაბამისად, საქართველოსთან თუ ნებისმიერ სხვა ერთან ურთიერთობაში, დასავლურმა ინსტიტუტებმა უნდა პატივი სცენ ეროვნულ თვითმყოფადობას, იდენტობასა და ეკონომიკურ ინტერესებს.ისლანდიის რეფერენდუმი არ ყოფილა უბრალოდ რიგითი ან მხოლოდ ერთი ქვეყნის შიდა პოლიტიკური კენჭისყრა. ეს იყო პოლიტიკური განაცხადი, რომელმაც ევროკავშირის მითოლოგია რეალობას შეაჯახა.

ეს არის მკაფიო სიგნალი ევროკავშირისთვის: ევროპული ინტეგრაციის იდეა ვერ იქნება წარმატებული და ვერ აღიქმება როგორც ცალმხრივი, გარდაუვალი პროცესი, თუ მას თან არ ახლავს წევრი, კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნების სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და საკუთარი თავისუფალი არჩევანის პატივისცემა.

მან საბოლოოდ აჩვენა, რომ ევროკავშირს აქვს სერიოზული სისტემური ნაკლოვანებები და რომ საკუთარი ინტერესების, ბუნებრივი რესურსების, სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება ბევრი განვითარებული ერისთვის ბრიუსელის წევრობის სტატუსზე შეუდარებლად მაღლა დგას“, - აცხადებს ჩიხელიძე.