Loading data...
ჩინეთის ელჩი: ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სიღარიბის შემცირებას და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, სასაქონლო ფასების შესამცირებლად ბოლო დროს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა

ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საქართველოს მთავრობაც დიდ ყურადღებას აქცევს სიღარიბის შემცირებას და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, სასაქონლო ფასების შესამცირებლად ბოლო დროს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან გაცვალოს გამოცდილება მმართველობის სფეროში, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიღრმისეულ განვითარებას.

„ჩინეთი ყოველთვის მიჰყვებოდა ხალხზე ორიენტირებულ განვითარების ფილოსოფიას. ხალხის კეთილდღეობა განვითარების ფუნდამენტური მიზანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხალხს მივცეთ საშუალება, იცხოვრონ უკეთესად.

რეფორმებისა და გახსნის შემდეგ, ჩინეთში 800 მილიონმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, რაც იმავე პერიოდში გლობალური სიღარიბის შემცირების 70%-ზე მეტს შეადგენს. სიღარიბის დაძლევის შემდეგ, ჩვენ ასევე შევქმენით ეფექტური და ყოვლისმომცველი მონიტორინგისა და დამხმარე მექანიზმი, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხის სიღატაკეში დაბრუნება. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მთავარ ჯგუფებზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიღარიბის მასშტაბური რეციდივი.

ჩინეთმა შექმნა ეროვნული სამედიცინო დაზღვევის ქსელი, რომლის საბაზისო სამედიცინო დაზღვევის მონაწილეთა მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 79 წელს აღწევს.

ჩინეთი საგანმანათლებლო თანასწორობას სოციალური თანასწორობის საფუძვლად მიიჩნევს, დანერგა ცხრაწლიანი სავალდებულო განათლება, დააწესა ეროვნული სტუდენტური გრანტები ეკონომიკურად დაუცველი ოჯახების სტუდენტების დასახმარებლად და გაზარდა ეროვნული სტუდენტური სესხების ოდენობა.

ჩინეთი იბრძვის იმისთვის, რომ „არცერთმა სტუდენტმა არ მიატოვოს სწავლა ოჯახური ფინანსური სირთულეების გამო“.

ჩინეთი აგრძელებს საცხოვრებლის უსაფრთხოებისა და მიწოდების სისტემების გაუმჯობესებას იმ პრინციპის დაცვით, რომ „სახლები საცხოვრებლადაა და არა სპეკულაციისთვის“, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ყველას ჰქონდეს საცხოვრებელზე წვდომა.

2026 წლის დასაწყისში ჩინეთის სახალხო ბანკმა დაიწყო ერთჯერადი პირადი საკრედიტო ისტორიის გამოსწორების პოლიტიკა, რომელიც ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს, მოიშორონ უარყოფითი საკრედიტო ისტორია ვადაგადაცილებული სესხების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრულ ვადაში დაფარვის შემთხვევაში. ეს გააუქმებს შეზღუდვებს სესხებზე, საკრედიტო ბარათების განაცხადებზე, სახლისა და მანქანის შეძენაზე, რაც დაეხმარება იმ ხალხს, რომლებმაც დაუდევრობის ან დროებითი სირთულეების გამო ვერ შეასრულეს ვალდებულებები.

ამის საპირისპიროდ, ზოგიერთი განვითარებული კაპიტალისტური ქვეყანა იცავს „კაპიტალი პირველ ადგილზე“ სისტემას, რომელიც დაუნდობლად უგულებელყოფს ჩვეულებრივი ხალხის გადარჩენისა და განვითარების უფლებებს. „საშუალო კლასის“ წევრებიც კი შეიძლება დაზარალდნენ უეცარი ავადმყოფობით, გადაუხდელი ქირით, იპოთეკური სესხით ან დროებითი უმუშევრობით, დარჩნენ უსახლკაროდ და აღმოჩნდნენ შეუქცევად კრიზისში.

ისინი ხალხის საარსებო პრობლემებს პარტიული დაპირისპირების იარაღად იყენებენ, ომებსაც კი მიმართავენ შიდა კონფლიქტებიდან ყურადღების გადასატანად და არღვევენ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთი სისტემა, რომელიც კაპიტალს პირველ ადგილზე აყენებს და უგულებელყოფს ხალხის ღირსებას, განწირულია არამდგრადობისთვის, მას ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს.

მომავალში, ჩინეთი გააგრძელებს ხალხზე ორიენტირებული მიდგომის დაცვას, გაზრდის ძალისხმევას ხალხის კეთილდღეობის დაცვისა და გაუმჯობესების მიზნით, მტკიცედ შეუწყობს ხელს საერთო კეთილდღეობას და ყურადღებას გაამახვილებს ხალხის გადაუდებელი საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და ხანდაზმულებსა და ბავშვებზე ზრუნვა, რათა ააშენოს ბედნიერი ჩინეთი, სადაც ყველას ექნება წვდომა განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ხანდაზმულთა მოვლაზე, ყველა უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით და საცხოვრებელი ადგილით.

ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საქართველოს მთავრობაც დიდ ყურადღებას აქცევს სიღარიბის შემცირებას და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, სასაქონლო ფასების შესამცირებლად ბოლო დროს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ჩინეთიც და საქართველოც განვითარებადი ქვეყნებია, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ ეროვნულ აღორძინებასა და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან გაცვალოს გამოცდილება მმართველობის სფეროში, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სიღრმისეულ განვითარებას, საქართველოსთან ერთად მიაღწიოს განვითარებასა და კეთილდღეობას და ორივე ქვეყნის ხალხს მისცენ უფრო ბედნიერი ცხოვრების საშუალება“, - აღნიშნა ელჩმა.