ჭეიშვილი Prime Time-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე: დღევანდელი ამბავი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს
დღევანდელი ამბავი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ რაც დღეს ვიხილეთ და რაც ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში განვითარდა, არის ქრესტომათიული მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია უსამშობლობა, მოღალატეობრივი საქმიანობა და რასაც შეიძლება ასევე ყურმოჭრილი მონობა ეწოდოს, - ასე გამოეხმაურა თორნიკე ჭეიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მიერ წაკითხულ განცხადებას, რომლის ტექსტიც Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელში დაიწერა.
„დღის ქრონიკაში“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანი წარსულშიც იყვნენ მხილებულები მსგავს ანტიეროვნულ ქმედებებში და დღეს ფაქტობრივად „ახალი მწვერვალი“ დაიპყრეს, რადგან მათ განცხადების ტექსტში ცვლილების შეტანის უფლებაც კი არ მისცეს.
„რეალურად, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებაშია ერთი მხრივ ადგილობრივი აგენტურა და ეს ექსტრემისტული დაჯგუფებები და მეორე მხრივ თავად ბრიუსელიც, იმიტომ რომ როდესაც უწევთ ამგვარ დეგრადირებულ ჯგუფებთან ურთიერთობა და თანაც იმგვარად, რომ სიტყვასიტყვით უნდა დაუმარცვლონ რა და როგორ აქვთ სათქმელი, რასაკვირველია, ეს მოასწავლის იმას, რომ არანაირი წარმატების პერსპექტივა ამ კოლაბორაციას არ გააჩნია. ერთი მხრივ ბრიუსელში მათი კურატორები და მეორე მხრივ ადგილზე დავალებების შემსრულებლები ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირულები“, - აცხადებს ჭეიშვილი.