ჭეიშვილი ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვის დაწყებაზე: დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, არის ნამდვილად საჭირო
დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების კვალდაკვალ მათ შორის გადის გამჭვირვალობაზე, უცხოური დაფინანსების შეზღუდვაზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული შიდა პოლიტიკური პროცესების მართვისათვის და ა.შ., არის ნამდვილად საჭირო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
დეპუტატმა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც მუშაობა უნდა დაიწყოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ და ამ პროცესში ევროსაბჭო საქართველოს გამოცდილების გაზიარებას სთხოვს.
„სიახლე, რომელიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ თანამედროვე მსოფლიოში რამხელა დატვირთვა აქვს ინფორმაციას როგორც ერთგვარ იარაღს იმისათვის, რომ განხორციელდეს მათ შორის მანიპულაცია საზოგადოებრივ ჯგუფებზე.
მათ შორის ინფორმაცია გახდეს ერთგვარი საფუძველი და წინაპირობა იმისათვის, რომ კონკრეტული სახელმწიფოების შიდა საქმეებში მოხდეს ჩარევა და ინტერვენცია. თუ დავაკვირდებით შესაბამისი ანგარიშის პროექტს, რომელიც არის მომზადებული ევროსაბჭოს ექსპერტთა შესაბამისი ქვეკომიტეტის მიერ და ამ პროცესს კოორდინაციას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, ამაშია ჩართული ასევე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, დავინახავთ, რომ იქ არის კონკრეტული მიგნებები, რომელიც არც ქართული რეალობისთვის არის უცხო.
დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების კვალდაკვალ მათ შორის გადის გამჭვირვალობაზე, უცხოური დაფინანსების შეზღუდვაზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული შიდა პოლიტიკური პროცესების მართვისათვის და ა.შ., არის ნამდვილად საჭირო. უფრო მეტიც, ეს არის უალტერნატივო, თუ გვინდა რომ საბოლოო ჯამში შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრიობა და ამ ქარტეხილებით გამორჩეულ ეპოქაში შევინარჩუნოთ თუნდაც ის, რასაც ჰქვია მშვიდობა, სტაბილური ეკონომიკური განვითარება და მივაღწიოთ უმთავრეს ეროვნულ მიზნებს.
ნაადრევი მგონია საუბარი იმაზე, რომ ეს არის გარკვეული ალიბი, რომ საქართველო ხვალ და ზეგ არ იქნება მორიგი უსამართლო თავდასხმის ადრესატი და ეს ეხება ევრობიუროკრტიას, ბრიუსელს. მეორე მხრივ, ის კი ნამდვილად დასტურდება, რომ გამოწვევა, რომლის მიმართაც საქართველომ წლების წინ დაიწყო შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, დღეს არის უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.