ბოჟაძე: ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ჩვენ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ, ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეში არ არის

„ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ხოლო ქვეყანა ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს.
„ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ჩვენ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ და დემოკრატია საფრთხეში არ არის. ჩვენთვის ნებისმიერი უსამართლო დამოკიდებულება მიუღებელია. კანონმდებლობა, რომელზეც თავის დროზე ევროკავშირი გვსაყვედურობდა, ახლა თავად მიიღო. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ერთადერთ რამეს – სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობას ითხოვდა. ეს პროცედურა ახლა თავად ევროკავშირში არის დაწყებული, ისევე როგორც საყვედურებს ვისმენდით აშშ-დან და აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „იუესეიდი“ და „ნედი“ საერთოდ დახურა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრობლემა ევროკავშირთან კი არა, ევროკავშირის ბიუროკრატიასთან აქვს, რაც უკრაინის ომს და, ასევე, იმ ცრუ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიას ჰქონდა.
„ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენ პრობლემა გვაქვს არა ევროკავშირთან, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, რაც უკრაინის ომს და, ასევე, იმ ცრუ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიას ჰქონდა. დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში, როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ეს დამოკიდებულება შეიცვლება. მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ახლაც პირნათლად ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ევროკავშირის წინაშე გვაქვს აღებული“, - დასძინა ვლადიმერ ბოჟაძემ.