ბოჭორიშვილი: საზოგადოება ხედავს, რა დამოკიდებულება აქვს ევროპულ ბიუროკრატიას, ვხედავთ რეზოლუციებს, რომლებშიც ტყუილი წერია, დღეს თავად ბრიუსელი აზიანებს ჩვენ მიერ ნაშენებ პოპულარობას

საქართველო ერთადერთ რამეს ითხოვს ევროკავშირისგან, სამართლიანი შეფასებები გაკეთდეს და სამართლიანი დამოკიდებულება იყოს საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომლის უკანაც დგას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ამაზე უნდა დაფიქრდეს ბრიუსელი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, დღეს ბრიუსელი თვითონ აზიანებს საქართველოში ევროკავშირისადმი დამოკიდებულებას.
„ხელისუფლებამ 2014 წლიდან დღემდე ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ევროინტეგრაცია საზოგადოებაში ყოფილიყო პოპულარული საკითხი. მახსოვს, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, მაშინ 65 პროცენტის განწყობა იყო ასეთი, რაც ათ წელიწადში დრამატულად შეიცვალა და ეს მხარდაჭერა გაიზარდა 85 პროცენტამდე. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, მისი შრომის დამსახურება. დღეს, როცა ქართული საზოგადოება ხედავს, რა დამოკიდებულება აქვს ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს მიმართ და ეს არის არასამართლიანი, მუდმივად უსაფუძვლო კრიტიკა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან რთულია, მოატყუო ქართულ საზოგადოებას.
„როცა მუდმივად გესმის ცრუ ნარატივები, ტყუილი განცხადებები, რეზოლუციები, ეს რეპუტაციას ლახავს. დღეს ხომ ევროპარლამენტს ის რეპუტაცია ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაში, რაც შეიძლება ჰქონოდა. მუდმივად ვხედავთ რეზოლუციებს, რომლებშიც ტყუილი წერია, საერთოდ არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
ამას თავად ბრიუსელი სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას და თავად აზიანებს და თავად აზიანებს ჩვენ მიერ ნაშენებ პოპულარობას, ანგრევს მას. თუ შეხედავთ ბოლო გამოკითხვებს, ეს პოპულარობა ქვემოთ მიდის. ვფიქრობ, ამაზე უნდა დაფიქრდეს ბრიუსელი, ევროკავშირი მარტივი მიზეზის გამო.
ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან დიალოგი, ურთიერთობა და ეს არ შეიძლება იყოს უსამართლო, ის უნდა იყოს სამართლიან საფუძვლებზე დაფუძნებული. ჩვენ გვჭირდება, მივიდეთ ამ მომენტამდე, სამართლიანი დამოკიდებულება გვქონდეს ერთმანეთთან.
საქართველო ერთადერთ რამეს ითხოვს ევროკავშირისგან, სამართლიანი შეფასებები გაკეთდეს და სამართლიანი დამოკიდებულება იყოს საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომლის უკანაც დგას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ხმას აძლევს ქართული საზოგადოება და იმარჯვებს. მას ეკუთვნის სამართლიანი დამოკიდებულება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.