ბოჭორიშვილი: გამოაშკარავდა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი, რაც ჩვენთვის უკავშირდება ისტორიას, იდენტობას, ბევრისთვის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია

ერთი რამ არის სამწუხარო, რაც 2022 წლიდან გამოაშკარავდა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთგვარად უკავშირდება არა მხოლოდ საგარეო კურსს, არამედ ისტორიას, კულტურას, იდენტობას, ბევრისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი. ეს ჩვენ დავინახეთ მხოლოდ და მხოლოდ 2022 წელს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, ცხადად გამოჩნდა, რომ ევროინტეგრაცია, რომელიც საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, სხვებისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი.
„მას შემდეგ, რაც საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ეს განაცხადი უკავშირდებოდა ქართველი ხალხის ნებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალიან ბევრ რეფორმას, რომელმაც საქართველო მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ გვქონოდა ეს შესაძლებლობა, ვიხილეთ ის დამოკიდებულება, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ცხადად გამოჩნდა, რომ ევროინტეგრაცია, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, სხვებისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. ვნახეთ, როგორ იქნა გამოყენებული ეს საქართველოს შიდა პოლიტიკაში გავლენების მოსახდენად.
ოპოზიციის ხელში ერთგვარი გასართობიც კი გახდა ევროინტეგრაციის საკითხი. სწორედ ეს ვთქვით ჩვენ, რომ არ გვსურს ასეთი დამოკიდებულება, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, აზიანებს ევროკავშირთან ურთიერთობებს და არ შეიძლება, ასე გრძელდებოდეს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.