ბოჭორიშვილი ევროპელ ბიუროკრატებზე: აღარ ერიდებიან მოქალაქეების შანტაჟს, ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ქართველი პოლიტიკოსები, ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც

„ძალიან ხშირად ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს საქართველო აკეთებს ისეთ რამეს, რასაც ვთქვათ არ აკეთებენ დასავლური ქვეყნები, ან მიუღებელია დასავლური ინსტიტუტებისთვის თუ დასავლეთისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპელ ბიუროკრატებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, უკვე აღარ ერიდებიან მოქალაქეების შანტაჟს და ამაში ჩართულია ქართველი პოლიტიკოსებიც.
„ამ დროს აღმოაჩენ, რომ უფრო მეტად მძიმე კანონები შეიძლება არსებობდეს იმ ქვეყნებში, უფრო მეტად ხისტი მეთოდებით იცავდეს ესა თუ ის ქვეყანა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და კიდევ უფრო გაუგებარი ხდება ხოლმე ის კრიტიკა, რომელიც მოდის საქართველოს მისამართით.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ აღარ ერიდებიან მოქალაქეების შანტაჟს. ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ქართველი პოლიტიკოსები, ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც ასახელებენ პირდაპირ უვიზო მიმოსვლის ინსტრუმენტს, როგორც ერთ-ერთ შესაძლებლობას იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ იმ არჩევანისთვის, რომელსაც ისინი აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.