Loading data...
ბოჭორიშვილი: ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, დადგა მომენტი, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა მოგვიწია, რადგან სწორედ ეს არის ის გარდამტეხი ეტაპი, როდესაც საკითხი ეგზისტენციალური ხდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში იმყოფება.

უნგრეთის პარლამენტში პატრიოტთა პირველი ასამბლეა მიმდინარეობს - მთავარი განსახილველი საკითხებია სუვერენიტეტი და მიგრაცია. ღონისძიებას უნგრეთის მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებიან ევროპარლამენტის, მათ შორის, ჩეხეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებიც.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა უკვე მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, 2022 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, დადგა მომენტი, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლა მოუწია.

„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც, როგორც აღნიშნეთ, ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა დიდი ხანია - შეიძლება ითქვას, საუკუნეების განმავლობაშიც კი - ევროპული ოჯახისკენ მიისწრაფვის. 2022 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, დადგა მომენტი, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა მოგვიწია, რადგან სწორედ ეს არის ის გარდამტეხი ეტაპი, როდესაც საკითხი ეგზისტენციალური ხდება.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის წლიური ეკონომიკური ზრდა 9.5%-ს შეადგენს, რაც ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ეს მხოლოდ ერთი რამის შედეგია: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ აუცილებელია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ არ უნდა დავუშვათ კომპრომისი მშვიდობის საკითხში, მით უმეტეს, რომ უსაფრთხოების რისკების წინაშე ვართ. ყველას გვახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება.

სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ ვნახეთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ეგზისტენციალურია საქართველოსა და ქართველებისათვის ერთგვარ ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა. იგი გამოიყენება პოლიტიკური თამაშებისთვის, შიდაპოლიტიკური პროცესების მანიპულირებისთვის და შიდა საქმეებში გარე ჩარევისთვის, რაც ნებისმიერი მხარისთვის მიუღებელი უნდა იყოს.

ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ევროკავშირის მიღმა კი არა, თავად გაერთიანების შიგნით, მის წევრ სახელმწიფოებშიც იჩენს თავს. ეს საერთო გამოწვევაა და უნდა დავფიქრდეთ, როგორ ევროპაში გვსურს ცხოვრება. მჯერა, რომ ევროპულ მომავალს აზრი არ აქვს ყველა ქვეყნის ერთიანობის გარეშე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.