ბოჭორიშვილი: ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ საელჩოების მხრიდან აქტიურ მონაწილეობას საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რაც არ არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა

„ჩვენ ვხედავთ, რომ ღიად ხდება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, ღიად ხდება ქართულ პოლიტიკაში უცხოელი აქტორების მონაწილეობა, ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ იხილა განცხადებები, რეზოლუციები, სხვადასხვა აქტები, რომელიც გამიზნული იყო შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, ეს კეთდებოდა არჩევნების წინ პროტესტის გამოსაწვევად“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში გარე ჩარევები აღარ არის შეფარული, არამედ ღიად ხდება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა გარე აქტორების მიერ.
„ეს მუდმივად ხდება ხოლმე შეფარულად, თუმცა ბოლო წლებში რასაც ვუყურებთ, ეს საფარველი აღარ არსებობს და ღიად ხდება ამ პროცესებში მონაწილეობა. ჩვენ ვხედავთ ხშირად ევროპელი ბიუროკრატების არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ უცხოელი პოლიტიკოსები ვიხილეთ საქართველოში საპროტესტო აქციებზე. ვიხილეთ არა მარტო უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ხშირად ამართლებენ ხოლმე, რომ ისინი თავისუფალი პოლიტიკოსები არიან, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრები, რაც წარმოუდგენელი რამ არის დიპლომატიაშიც, ქვეყნებს შორის ურთიერთობებშიც.
ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ, თუმცა ჩვენმა ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ სწორად შეაფასა და აფასებს ამ ყველაფერს, სწორად ხდება ჩვენი საზოგადოების მობილიზაცია ეროვნული ინტერესების გარშემო. სწორედ ეს განაპირობებს „ქართული ოცნების“ პოპულარობასაც და მის იმ მხარდაჭერასაც, რაც აქვს. ეს არის ერთგვარი პასუხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების უცხოური გავლენის თუ ჩარევის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე, ისაუბრა გარკვეული ელჩების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და აღნიშნა, რომ ეს არ არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა.
„ოპოზიცია იმდენად არაპოპულარულია, იმდენად არ აქვს საზოგადოების ნდობა, მხარდაჭერა, რომ ერთგვარად ხდება მათი ღიად ჩანაცვლება უცხოელი აქტორების მიერ. დღეს ჩვენი პოლიტიკოსები დადიან უცხოეთის საელჩოებში, რომ განიხილონ საპროტესტო აქცია, არჩევნები, სხვადასხვა საკითხები, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკას. არავინ მალავს და ღიად აცხადებენ, თუ რამდენად გახსნილია ეს ურთიერთობა. ეს ერთი ჯგუფია. ერთი და იგივე გუნდია, რომელიც უპირისპირდება საქართველოს ინტერესებს.
ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ საელჩოების მხრიდან აქტიურ მონაწილეობას საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რაც არ არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა. ნებისმიერ უცხოელ პოლიტიკოსს, ნებისმიერ ქვეყნის მმართველ ძალას, საქართველოს რომ მოვაშოროთ და მოვუყვეთ ეს ამბავი, ეს იქნებოდა აბსოლუტურად მიუღებელი, დასაგმობი და ურთიერთობების გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯი. არც ერთი ქვეყანა არ იქნებოდა ტოლერანტი სხვა ქვეყნის მიმართ, რომელიც ასე ღიად ჩაერეოდა მის საშინაო საქმეებში. ეს არ არის არც ევროპული და არც მიღებული პრაქტიკა.
სამწუხაროა, რომ ამას ხშირად აკეთებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამაზე არის ხოლმე რეაქცია, ასევე ვხედავთ საზოგადოების, ქართველი პოლიტიკოსების რეაქციას, თუმცა შემდგომ ხდება ინტერპრეტაცია და სულ სხვა რაკურსით წარმოჩენა, თითქოს მათ ვინმე ესხმის თავს, ხდება მათი შევიწროება, თუმცა ყველას ავიწყდება ვენის კონვენცია, მიღებული ნორმები, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სადაც ისინი არიან აკრედიტებული და როგორ უნდა სცემდნენ პატივს მას. ეს არის მთავარი და ამოსავალი წერტილი“, - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.