ბითაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს იყო გარკვეული შანტაჟის და შეშინების ახალი ფორმა, უცხოეთში ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე არ ჭრის
ეს იყო გარკვეული შანტაჟის და შეშინების ახალი ფორმა, უცხოეთში ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე არ ჭრის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
ბითაძის თქმით, ეს არასწორი შეხედულებაა იმ სახელმწიფოსა და მოსახლეობაზე, რასაც საქართველო და საქართველოს მოსახლეობა ჰქვია.
„მართლაც უპრეცედენტოდ შეიძლება შეფასდეს როგორც არამეგობრული ნაბიჯების შეფასების თვალსაზრისით, ასევე შესაძლოა არასერიოზულადაც შეფასდეს ასეთი დიდი ისტორიის მქონე, მძლავრი სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი თავისუფალი მედიის საქმიანობის ხელყოფის თვალსაზრისით, რაც განხორციელდა „იმედისა“ და POSTV-ის მიმართ.
თან აბსურდული ბრალდებით, რომ თურმე თქვენ გარკვეულ ზეგავლენას ახდენთ იმ პროცესებზე, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის წარმოებულ ომში მიმდინარეობს. ეს არის აბსურდი და შესაბამისად, იმიტომაც ვერ ვიღებთ პასუხებს და ვერც მივიღებთ საბოლოო ჯამში. სამარცხვინოდ ჩაიწერება ეს იმ ურთიერთობებში, რასაც ბრიტანეთსა და საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობები ჰქვია მაშინ, როდესაც თვითონ ელჩიც კი ვერ ხსნის საფუძვლებს.
ბუნებრივია, ეს თქვენს აუდიტორიაზე მოახდენს და უკვე მოახდინა ერთადერთი გავლენა - ეს არის მეტი კონსოლიდაცია და მეტი თავდაჯერებულობა.
ეს იყო გარკვეული შანტაჟის და შეშინების ახალი ფორმა. უცხოეთში ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე არ ჭრის. ეს სანქციები, ისინი თუ ფიქრობენ, რომ იქნება დამაშინებელი ხელისუფლებისთვის ან მოსახლეობისთვის, რომ გარკვეულწილად მეტ სანქციას მიიღებს მოსახლეობა, ამიტომ უნდა შეშინდეს, აირჩიოს გაურკვეველი რადიკალური წარმონაქმნი, რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციას ეძახის, ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. არასწორი შეხედულებაა იმ სახელმწიფოსა და მოსახლეობაზე, რასაც საქართველო და საქართველოს მოსახლეობა ჰქვია“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.