ბითაძე ბოკუჩავას ტყუილზე: გარე ძალები და მათ შორის საქართველოს უკვე დივერსანტი მოქალაქეები ეუთოს დასჯას ირიბად ცდილობენ იმისთვის, რომ მათ შავზე თეთრი არ თქვეს და თქვეს, რომ 2024 წელს არჩევნები საქართველოში შედგა
გარე ძალები და მათ შორის საქართველოს უკვე დივერსანტი მოქალაქეები ეუთოს დასჯას ირიბად ცდილობენ იმისთვის, რომ მათ შავზე თეთრი არ თქვეს და თქვეს, რომ 2024 წელს არჩევნები საქართველოში შედგა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ტყუილს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ევროპის სახალხო პარტიამ“ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო.
„ჩვენ ვნახეთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იმუშავეს, ან არ იმუშავეს, რადგან შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგან საქართველოსთან მიმართებით განცხადებები არ გაკეთებულა. ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაასაღეს ეუთოს რეზოლუციად. ეს ბუნებრივია, აღშფოთების საგანი იყო მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობისთვის. პასუხი ქართულ მხარეს ოფიციალურად გაეცა, რომ არანაირი რეზოლუცია არ ყოფილა მიღებული.
ეს არის ისეთი მასშტაბის ტყუილი, რომელიც ნაპატიები ნამდვილად არ იქნება ეუთოს მხრიდან. გარე ძალები და მათ შორის საქართველოს უკვე დივერსანტი მოქალაქეები ეუთოს დასჯას ირიბად ცდილობენ იმისთვის, რომ მათ შავზე თეთრი არ თქვეს და თქვეს, რომ 2024 წელს არჩევნები საქართველოში შედგა. ალბათ ეს არის მთავარი გამომწვევი მიზეზი, რომ ეუთოზე თავდასხმა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ბითაძემ.