Loading data...
ბითაძე: არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებები ქუჩის აქციების გაგრძელებასა და ესკალაციაზე, მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების არევას

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილია, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა გაუარესდეს.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებები ქუჩის აქციების გაგრძელებასა და ესკალაციაზე მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების არევას.

„სამწუხაროდ, ვხედავთ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დაჟინებულ სურვილს, რომ საქართველოსთვის გარკვეული პირობები გაუარესდეს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ამ ადამიანების მიზანია არა საქართველოს კეთილდღეობა და ქვეყნის პროგრესი, არამედ ამ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრა. იკვეთება მათი სურვილი, რომ მიზანია, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა გაუარესდეს. ევროკავშირის მხრიდან ურთიერთობის ახალ ფორმატში გადაყვანა მაინცდამაინც მოსაწონი არ არის და ეს სწორედ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მავნებლური მუშაობის შედეგია.

ამ ადამიანებს არაფერი გაუკეთებიათ, რათა ქვეყანას მოეპოვებინა ყველა ის წარმატება, რაც ჩვენ გვაქვს – ვიზალიბერალიზაციას და ვაჭრობის ხელშეკრულებას ვგულისხმობ. არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებები ქუჩის აქციების გაგრძელებასა და ესკალაციაზე მიზნად ისახავს, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს და, განვითარების გზის ნაცვლად, საქართველომ დესტაბილიზაცია აირჩიოს.

საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების დროებით დაძაბვაზე თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრება, სწორედ ეს არასამთავრობოები არიან. კარგად გვახსოვს, ისინი ევროკავშირის დედაქალაქებში კარდაკარ დადიოდნენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დიდი ნეგატივი შეექმნათ“, - აღნიშნა ბითაძემ.