ბექა ოდიშარია ოპოზიციას: იყავით კონსტრუქციულები, რადგან პოპულისტური ტყუილებით ფონს ვერ გახვალთ
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს პოლიტიკური პარტია „ლელოდან“ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისინი პოპულისტური ტყუილებით და ტრიუკებით ფონს ვერ გავლენ.
„მინდა შეგახსენოთ, ძვირფასო კოლეგავ, რომ პარტია „ლელო“ არ არის პარტიად შექმნილი, ის შეიქმნა კორპორაციად და ასეც აღიქმებოდა ხალხში. შემდეგ კი ვიღაც „ჭკვიანმა მრჩეველმა“, რომელიც დაიქირავეს და მილიონებს უხდიდნენ, ურჩია, რომ ახალი სახეები გამოეყვანა პარტია „ლელოს“.
მე ამ სახეებს თქვენი პოლიტიკური მდივნის „სამადაშვილის თაობას“ ვუწოდებ. ახლა კი დადგა დრო და ფსკერისკენ მიდიხართ ისე, რომ გიორგი გახარიასაც ვერ მოელაპარაკეთ - რასაც, სხვათა შორის, მოგიწონებთ, რომ გახარიას არ აუბით მხარი - ვინაიდან თქვენ ისედაც დამძიმებული იყავით და გახარია ხომ მძიმეა და მძიმე და წარმოიდგინეთ, ეს ორი „მძიმეწონიანი“ პოლიტიკურ ზღვაში რა სწრაფად წახვიდოდით ფსკერისკენ.
ამიტომ ახლა მოიგონეს მესამე თაობა - თქვენი თაობა - და გგონიათ, რომ პოპულისტური ტყუილებით და ტრიუკებით გახვალთ ფონს. მე კი მაინც მინდა, როგორც ჩემს კოლეგებს გთხოვოთ, რომ თავი დაანებოთ პოპულიზმს და კონსტრუქციულები იყოთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.