Loading data...
ბექა ძამაშვილი - პრეცედენტი არ იძებნება და ლოგიკურიც არის, რომ აქამდე არცერთ სახელმწიფოს არ გასჩენია სურვილი, სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში შეჭრილიყო და იქ მედიის შეზღუდვის მცდელობა ჰქონოდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების მიზანი იყო დებატების სივრცის დახურვა.

მისი თქმით, სულ რამდენიმე ეთერმაც აჩვენა, სად იყო სიმართლე.

„სულ რამდენიმე ეთერმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ყველა იმ მგრძნობიარე საკითხზე, რომლებზეც უნდოდათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მოხდა დებატებში ჩართვა და საკმაოდ აშკარა გახდა საზოგადოებისთვის, სად იყო სიმართლე. როდესაც ვიღაცას სიმართლის ეშინია, მაშინ ხდება სივრცის დახურვის მცდელობები. სხვა შეფასება რთული გასაკეთებელი იქნება, ლოგიკური არ იქნება და დროში დამთხვევაც შემთხვევითი არ არის; ის, რაზეც საუბრობენ, უკრაინაში ომი დაწყებულია ოთხი წლის წინ, „იმედი“ და „პოსტივი“ ასე მაუწყებლობდნენ ყოველთვის და მათგან თუ რაღაც იყო მიუღებელი, რატომ მაინცადამაინც ახლა?“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა „იმედის“ ეთერში.

როგორც ძამაშვილმა აღნიშნა, დებატებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და სანამ პირდაპირი ფორმით მოხდებოდა ინტერვენცია, როცა პირდაპირ მედიაზე თავდასხმა განხორციელდა, წლების განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა აქტორების მეშვეობით მომხდარიყო ფაქტების აღრევა რაღაც ვარაუდებში, შეფასებებში თუ აღქმებში. ყოველთვის იყო აღქმების ფაქტებად გასაღების მცდელობა.

„იმ საზოგადოებაში, სადაც მედიასივრცე დახურულია და დებატები არ ხორციელდება და ცალმხრივად ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამის შესაძლებლობა არის უფრო მეტი. თვითონ გადაწყვეტილება, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით, ესეც საინტერესოა, რომ არც დაფარეს; პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს ვარაუდების თუ ეჭვების საფუძველზე. ანუ ვარაუდი არსებობსო, ეჭვი არსებობს, რომ, შესაძლოა, ამ მიზნით გამოიყენებოდეს ეს ტელევიზიებიო. წლების განმავლობაში იყო ამის მცდელობა, რომ რაღაც ინფორმაცია შეთხზან და საზოგადოებას მიაწოდონ, როგორც სიმართლე, ფაქტი. შეგვიძლია, წლებისწინანდელი ფაქტი გავიხსენოთ, როცა მედიაში ჩარევა ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი პირველი ფაქტი იყო „რუსთავი 2“-ის საქმე. მაშინ იყო მცდელობა, რომ საზოგადოებაში შეექმნათ აზრი, თითქოს ხელისუფლება ჩაერია მედიის თავისუფლებაში. ოღონდ საუბარი რაზე იყო – გავლილი იყო სამი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სახეზე და იყო მცდელობა, რომ ეს წარმოეჩინათ, როგორც მედიის თავისუფლებაში ჩარევა; ახლა კი გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი სასამართლო ზედამხედველობის გარეშე რაღაც პოლიტიკური ორგანოს მიერ და ეს უნდათ, წარმოაჩინონ როგორც ფაქტი. დებატები სწორედ ამას უშლის ხელს. დებატებზე ირკვევა სწორედ, ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი, სად არის ფაქტები, სად არის, უბრალოდ, შეფასებები“, – განაცხადა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, ანალოგიური პრეცედენტი არ იძებნება და ლოგიკურიც არის, რომ აქამდე არცერთ სახელმწიფოს არ გასჩენია სურვილი, სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში შეჭრილიყო და იქ მედიის შეზღუდვის მცდელობა ჰქონოდა

„კონკრეტული მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივი გზით დაიცვან საკუთარი უფლებები. ევროპული სასამართლოს პრაქტიკა რასაც აჩვენებს, როდესაც ასეთი უხეში ფორმით ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, ზოგადად, ინდივიდის უფლებებში, და მედიას კიდევ უფრო მეტი დაცვის გარანტია უნდა ჰქონდეს. სტრასბურგის პრაქტიკა აჩვენებს, რომ უშუალოდ გაეროს მიერ ტერორისტად გამოცხადებული პირების უფლებებში ჩარევაც კი ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული. ზუსტად ანალოგიური პრეცედენტი არ იძებნება და ალბათ ლოგიკურიც არის, რომ აქამდე არცერთ სახელმწიფოს არ გასჩენია სურვილი, რომ სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში შეჭრილიყო და იქ მედიის შეზღუდვის მცდელობა ჰქონოდა. ამიტომ პირდაპირი ანალოგია არ არის, მაგრამ ანალოგიად გამოდგება, როდესაც სახელმწიფოები ქვეყნის შიგნითვე ზღუდავდნენ მედიას და ეს პრეცედენტები საკმაოდ მრავლად არის, სანქციის არასწორად გამოყენების პრეცედენტებიც საკმაოდ მრავლად არის. სუფთა იურიდიული შეფასება რომ მივცეთ, ეს გადაწყვეტილება არის სრულიად გასული ევროპული კონვენციის სტანდარტებიდან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.