ბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა, ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე მოიყრის თავს
„საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუადღე“.
„დარგის ექსპერტები, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები, მინისტრები, მერები, საჯარო ადმინისტრირებასა და სერვისების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები - ყველა ეს ადამიანი სამი დღის განმავლობაში თბილისში ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ სერვისების გაცემის მიმართულებით არსებული გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის საქართველოში ჩატარება ჩვენი ქვეყნის მიერ საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების აღიარებაა.
„ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა ის ეფექტიანი, გამარტივებული, დაჩქარებული სერვისები, რომელთაც მომსახურების მიმღებ ყველა მსურველს ვთავაზობთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისი ამ მსოფლიო დონის ფორუმის მასპინძელ ქალაქად შეირჩა, სწორედ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებია, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
ბექა ძამაშვილის თქმით, გარდა საჯარო სერვისების განვითარებისა, ფორუმი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხითაც არის მნიშვნელოვანი.
„ჩვენი მიზანია, სტუმრებს საქართველო თავისი კულტურითა და ტრადიციებით კარგად გავაცნოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხითაც, რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, 100-ზე მეტი სახელმწიფოს მაღალი დონის წარმომადგენლებს პირისპირ ვესაუბროთ. ამ მხრივაც ძალიან ღირებული იქნება საქართველოში ამ ღონისძიების მასპინძლობა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმს „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა გახსნიან.