Loading data...
ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი „რისერჩერი“, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა ბოლო დროს თბილისში მომხდარ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, ასეთ თემებზე აპელირება და ქალაქის მერის დადანაშაულება ოპოზიციის მხრიდან უხერხულია.

„როდესაც ისეთ მძიმე ტრაგედიაზე ვსაუბრობთ, როგორიც ცოტა ხნის წინ მოხდა, ვგულისხმობ ტროტუარზე მდგომი მანქანის მძღოლის მიერ ადამიანის გატანას და უაპელაციოდ შეგიძლიათ დააბრალოთ ეს შემთხვევა მუნიციპალიტეტს და ქალაქის მერს, მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის მენეჯმენტის პირობებში მოხდა ის, რომ ყველგან, სადაც ქუჩების რეაბილიტაცია ხდება, დგება სპეციალური ბოძები, რომ იქ ვერ ავიდნენ მანქანები. მანქანები, რომლებიც ტროტუარზე პარკინგდებიან, გადაჰყავთ საჯარიმოზე და ჯარიმდებიან. ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან საუბარი უხერხულია.

რაც შეეხება, მარიჯანის ქუჩაზე მომხდარ მიწის ჩამოშლას. ოპოზიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგაო,. დიახ, იქ იყო „ცენტრ პოინტის“ მშენებლობა, სადაც იდგა 11 სართულიანი დაუსრულებელი შენობა და ის რომ არ დაენგრია დედაქალაქის მერიას, სულ სხვა ტრაგედია შეიძლება დატრიალებულიყო.

მოსახლეობას შესთავაზეს ბინებით დაკმაყოფილება, დაანგრიეს ამორტიზებული შენობა, რომელიც მართლა პრობლემებს შექმნიდა იქ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ არ დამდგარიყო ცუდი შედეგი. უსაფრთხოების პარამეტრები დაარღვია კომპანიამ, რომელიც აირჩია მოსახლეობამ და ამასაც მოჰყვა მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება.

არაფერი მოხდა სწორდხ იმიტომ, რომ ზომები მიიღო ქალაქის მერმა, რომელსაც თქვენ წარუმატებელს უწოდებთ. ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი „რისერჩერი“, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.