Loading data...
აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2026 წლის პირველ ოქტომბერს გიორგი ზაქარაშვილს ეწურება როტაციის ვადა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, რომელსაც იგი იკავებს 2021 წლიდან. 2016-2019 წლებში გიორგი ზაქარაშვილი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

სხვადასხვა დროს გიორგი ზაქარაშვილს, ასევე, ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები.

გიორგი ზაქარაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.