არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არსებობს ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს, დააკნინოს ევროკავშირი
არჩილ გორდულაძე ევროკომისრებისა და ევრობიუროკრატიის წარმომადგენლების განცხადებებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ბოლო განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის წუხილის სისწორეს ევროკავშირში არსებულ მდგომარეობაზე.
„კალასების, კოსების თუ სხვა ევროკომისრისა და არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლის განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციასა და გულის წუხილს, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას არის მისული. სწორი შეფასებაა, შეგვიძლია დავეთანხმოთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა კონკრეტული ძალების სასარგებლოდ მიიღებოდეს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ დღეს არსებობს ძალა, რომელიც ევროკავშირის დასუსტებას მიზანმიმართულად ცდილობს.
„ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არსებობს ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს, დააკნინოს ევროკავშირი და, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად დააკმაყოფილოს საკუთარი ინტერესები. ვხედავთ, რომ დიდი გეოპოლიტიკური ძვრები და ცვლილებებია და თუ წარსულში ამას ადგილი დახურულ კარს მიღმა ჰქონდა, ახლა ეს ყველაფერი სააშკარაოზე არის გამოტანილი და არც არაფერი იმალება“, - აღნიშნა გორდულაძემ.