არჩილ გორდულაძე: სუბიექტურ აღქმებზე არ არის დამოკიდებული, პასუხისმგებლობა დაუდგება თუ არა კონკრეტულ ადამიანს

„კონკრეტული სტატუსი, ან ადამიანის მხრიდან თავის თავისთვის წოდება, რომ არის პოლიტიკოსი, ვერ გახდება ინდულგენცია. საერთოდ არ არის დამოკიდებული სისხლის სამართალი და სასამართლო იმაზე, კონკრეტულ ადამიანს მოსწონს თუ არა საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიღებული კანონი თუ საქართველოს პარლამენტი - სუბიექტურ აღქმებზე არ არის დამოკიდებული, პასუხისმგებლობა დაუდგება თუ არა კონკრეტულ ადამიანს“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა, რომლებიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ და ამის საფუძველზე, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მისი თქმით, „მარაზმისა და აბსოლუტური სისულელის ტირაჟირებას ახდენენ“ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ გამოცხადდნენ კომისიაზე, რადგან ის არალეგიტიმურად მიაჩნიათ.
„ეს ადამიანები საუბრობენ, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია ლეგიტიმურად საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია და ამიტომ, გვაქვს უფლება, არ გამოვცხადდეთ და არ შევასრულოთ ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებაო. ეს იგივეა რომ, მაგალითად, მკვლელმა თქვას, პროკურატურას არ ვენდობი, ლეგიტიმურად არ მიმაჩნია და, ამიტომ, მკვლელობისთვის არ უნდა მოხდეს ჩემი დასჯაო.
ამ მარაზმის და აბსოლუტური სისულელის ტირაჟირებას ახდენენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ გამოცხადდნენ კომისიაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საგამოძიებო კომისია მიაჩნიათ არალეგიტიმურად“, - აღნიშნავს გორდულაძე.