არჩილ გორდულაძე: საოცარ დღეშია გახარიას პარტია - რასაც შეუკვეთენ, იმ მუსიკაზე იცეკვებს
„გახარიას პარტია საოცარ დღეშია: რასაც შეუკვეთენ, იმ შეკვეთილ მუსიკაზე იცეკვებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე გახარიას პარტიის პოზიციას გამოეხმაურა.
„გახარიას პარტია, საერთოდ, საოცარ დღეშია. ხან ეუბნებიან, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხან უკრძალავენ, ხან მერე ისევ ნებას რთავენ, ხან ეტყვიან რომ პარლამენტიდან გავიდეს, ხან შემოვიდეს. მოკლედ, რასაც შეუკვეთენ, იმ შეკვეთილ მუსიკაზე იცეკვებს. ჯერ იყო საუბარი, რომ მიიღებდნენ მონაწილეობას დებატებში, შემდეგ ან შეეშინდათ, ან პატრონებისგან დავალება მიიღეს, რომ არ შეიძლება არგუმენტირებულ კამათში „ქართულ ოცნებასთან“ შესვლა.
როგორც „გამჭვირვალობის კანონზე“ ამბობდნენ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ველი და არ შეიძლება ამ ველში შესვლა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდება „ქართული ოცნების“ სიმართლე, სავარაუდოდ, ზუსტად ამ სიმართლეს გაექცნენ გახარიელი „ნაცები“, - აცხადებს გორდულაძე.