Loading data...
არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის მზად, რომ სხდომებზე სამართლებრივად იმსჯელონ და სხვადასხვა შუამდგომლობით პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, სარჩელის ერთ-ერთი ავტორის არჩილ გორდულაძის განცხადებით, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის მზად, რომ სხდომებზე სამართლებრივად იმსჯელონ და სხვადასხვა შუამდგომლობით პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ.

„მოპასუხე მხარეები, არც ერთი პარტია არ არის მზად, რომ სამართლებრივად იმსჯელოს რომელიმე საკითხთან დაკავშირებით. მათი მიზანი აქამდეც იყო, ამ სამი დღის განმავლობაში და მომავალშიც, სავარაუდოდ, გაგრძელდება, რომ როგორმე პოლიტიზება მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პროცესის.

გიორგი გახარიას პარტიას პრობლემა აქვს თვითონ გიორგი გახარიას სახელთან და გვართან. ამ ადამიანის ნამოქმედარი როგორ შეიძლება მიემართებოდეს ჩვენსავე პარტიასო და სახელში უწერიათ საერთოდ გიორგი გახარია და მისი ქმედება ჩვენს პარტიას როგორ მიემართებაო. აი, ამის ახსნას ცდილობდა დღეს ბატონი ბერდია.

მეორე მხრივ, მას აქვს შუამდგომლობა, რომ წარმოადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს არჩევნებს ამყარებს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, პირიქით. მათი მიზანი არის, რომ დააგროვონ, რაც შეიძლება მეტი უსაფუძვლო, სამართლებრივად გაუმართავი შუამდგომლობა, რომელზეც იძულებული იქნება სასამართლო, რომ უარი უთხრას დაკმაყოფილებაზე და ერთმანეთს შეეკითხონ მერე, ვინ უფრო მეტი შუამდგომლობა დააყენა ისეთი, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

რაოდენობრივად აგროვებენ შუამდგომლობებს, რასაც, სავარაუდოდ, სარჩელი თუ დაკმაყოფილდა მთლიანად ან ნაწილობრივ, ერთ ან მეორე შემთხვევაშიც ისინი წავლენ სტრასბურგის სასამართლოში და ამას არგუმენტად შეეცდებიან გამოიყენონ. აი ამ მასკარადის შექმნის მცდელობაში ვართ და საზოგადოებაც უყურებს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.