Loading data...
არჩილ გორდულაძე: სახელმწიფოს ვალდებულებაა, ამომრჩეველზე იზრუნოს, რომ გავლენის ქვეშ არ მოექცეს, მნიშვნელოვანია, ადამიანებს რეალური ცოდნა და წარმოდგენა ჰქონდეთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში

„სტატისტიკას რომ გადავხედოთ, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 34 ათასმა ადამიანმა მიიღო, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში მათი წილი მინიმალურია, შესაბამისად, მათ არჩევნების საერთო შედეგებზე გავლენა არც ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თითიდან გამოწოვილია ის მანიპულაციები, რასაც ახლა ემიგრანტების გასაბრაზებლად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აკეთებს.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ამომრჩეველზე იზრუნოს, რათა დეზინფორმაცია არ მიიღოს, გავლენის ქვეშ არ მოექცეს. მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს რეალური ცოდნა და რეალური წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. მათ შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში ჩამოვიდნენ და ხმა მისცენ. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის შემდეგ არ გვაქვს და იქ არჩევნები არ იმართება, საარჩევნო უბნები არ იმართება, მაგრამ კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ ერთ ადამიანსაც კი არ უთქვამს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ხმის უფლება ეზღუდებათ. ეს ასე არ არის, რადგან ამ ადამიანებს შეუძლიათ, საქართველოში ჩამოვიდნენ და ხმა მისცენ. თუ ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების შემთხვევაში საარჩევნო ხმის უფლების შეზღუდვა არ არის, რატომ არის ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების შემთხვევაში? ამერიკაში მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი იხსნება, ერთი – საელჩოში, ერთი – საკონსულოში. სხვა შტატებში მცხოვრებ ადამიანებს გამოწვევა აქვთ, რომ ამ უბანზე მივიდნენ და ხმა მისცენ. იმისათვის, რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე არ დადგნენ, საქართველოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი მათი ყოფა ისე, რომ აქ მუშაობდნენ და სხვა ქვეყანაში წასვლა არ უწევდეთ. უნდა ვიზრუნოთ არა საარჩევნო უბნების გაზრდაზე, არამედ ეკონომიკის ზრდაზე“, - განაცხადა გორდულაძემ.