არჩილ გორდულაძე: სახელმწიფოს თუ უნდა, რომ დამოუკიდებელი იყოს და თავისი სუვერენიტეტი ჰქონდეს, შავი ფულის ტრიალი ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს შესაძლებელი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქართულ კანონმდებლობას არ ცნობს, სამაგიეროდ ემორჩილება, მაგალითად, გერმანულ კანონმდებლობას. მათი უსამშობლოობის კიდევ ერთი მაგალითი არის ის, რომ ებრძვიან ყველანაირ ქართულს, მაგრამ ემორჩილებიან ყველანაირ უცხოურს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
მისი თქმით, ამ ორგანიზაციას ეკა გიგაური უკვე წლებია, დიქტატორულად ხელმძღვანელობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც აღარ არის საქართველოში რეგისტრირებული და გადარეგისტრირდა ესტონეთში, მას უკვე წლებია, კაპიტანი გიგაური დიქტატორულად ხელმძღვანელობს. დემოკრატიის სახელით საუბრობს, მაგრამ დიქტატურა აქვს დამყარებული თავის „ენჯეოში“. თავიანთი საქმეა, როგორი ფორმით ექნებათ მათ მმართველობა, მაგრამ ეს ორგანიზაცია ქართულ კანონმდებლობას არ ცნობს, სამაგიეროდ ემორჩილება, მაგალითად, გერმანულ კანონმდებლობას, სადაც ისინი ლობისტურ რეესტრში, რომელიც თავისთავად იგივე გამჭვირვალობის რეესტრია, რეგისტრირებულია და დამორჩილებულია. მათი უსამშობლოობის კიდევ ერთი მაგალითი არის ის, რომ ქართული არაფერი უნდათ, პირიქით, ებრძვიან ყველანაირ ქართულს, მაგრამ ემორჩილებიან ყველანაირ უცხოურს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
როგორც მან აღნიშნა, თუკი ქვეყანას სურს, იყოს დამოუკიდებელი და თავისი სუვერენიტეტი ჰქონდეს, შავი ფულის ტრიალი არ უნდა იყოს შესაძლებელი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დონორები არ იღებენ პასუხისმგებლობას, მაგალითად, მათი გადახდილი თანხებით ჩვენს ქვეყანაში გადატრიალების მცდელობები, რევოლუციის მცდელობები რომ არაერთი მომხდარა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, ყველაფერს აფინანსებს სხვადასხვა ფონდი და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს თუ უნდა, რომ დამოუკიდებელი იყოს, ქვეყანას თუ უნდა, რომ თავისი სუვერენიტეტი ჰქონდეს, რა თქმა უნდა, შავი ფულის ტრიალი ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს შესაძლებელი“, - აღნიშნა გორდულაძემ.