არჩილ გორდულაძე: საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება
„საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, რადგან ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხდება, ამან ისინი იმ შედეგებამდე მიიყვანა, რომლებიც დღეს აქვთ.
გორდულაძის განცხადებით, ეს არა საქართველოს, არამედ თავად ევროკავშირს აზიანებს, რადგან ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს - ევროკავშირი.
„მაშინ, როდესაც ჩვენ გვყავს ევროკავშირის, ხშირად არ არჩეული ბიუროკრატია, რომლებიც არც გამჭვირვალედ მუშაობენ და ძალიან ბევრი პრობლემა და სკანდალი აქვთ, ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც საქართველოში გამჭვირვალობას ებრძვიან და აფინანსებენ ისეთ მიმდინარეობებს და ძალებს, რომლებიც ხშირად ფაშისტური განცხადებებით არიან წარმოდგენილი.
მაგალითად, „კორძის“ სიმღერა რამდენად არის გამოხატვის თავისუფლება და, ზოგადად, ხელოვნება, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.
ასევე დასტურდება, რომ ხშირად გადაწყვეტილებების მიღებისას, ევროპარლამენტშიც კი, რამდენიმე ასეულობით ადამიანი იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, რომლებსაც საერთოდ წაკითხულიც კი არ აქვთ ის დოკუმენტები, რომელ საკითხზეც კენჭისყრა მიმდინარეობს.
ასევე, ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ რუკაზე, მაგალითად, ირანს ვერ პოულობენ. ასეთ დონეზე, როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არის სუფთა პოლიტიკური, ვიღებთ იმ შედეგს, რაც გვაქვს.
ეს შედეგები არა საქართველოს, არამედ თავად ევროკავშირს აზიანებს, რადგან კიდევ და კიდევ ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს - ევროკავშირი.
შევახსენებ მათ, რომ საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და საქართველო მაქსიმალურად იყენებს ყველა პლატფორმას სიმართლის სათქმელად, რამდენად გაიგებენ და გაიაზრებენ ამას, ეს უკვე მათი საქმეა.