Loading data...
არჩილ გორდულაძე: რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცვლილებას „გრანტების შესახებ“ კანონში, იგი ეხება პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას, თუ რა იგულისხმება გრანტად

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცვლილებას „გრანტების შესახებ“ კანონში, იგი ეხება პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას, თუ რა იგულისხმება გრანტად“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

კერძოდ, წამყვანმა მას ჰკითხა, „გრანტების შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, როგორც ვიცით, გრანტად არ ჩაითვლება დიპლომატიური დაწესებულების და მსგავსი ორგანიზაციის მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები. რომ განგვიმარტოთ კიდევ ერთხელ, რა ტიპის სახსრებზეა საუბარი?“

არჩილ გორდულაძის თქმით, ცვლილება პირდაპირი თარგმანია ამერიკაში მოქმედი გამჭვირვალობის, „ფარას“ კანონისა.

„რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, საკანონმდებლო ინიციატივას, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა საკანონმდებლო კუთხით, ჩვენი გუნდის ინიციატივით. მისი მიზანია ერთი მხრივ, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, გარედან შემოტანილი თანხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის.

მეორე მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის დაცვა მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, უცხოეთიდან განცხადებები, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენს ქვეყანაში ხვრელები იპოვონ, საკანონმდებლო სივრცეები იპოვონ, შემოიტანონ თანხები. დააფინანსონ ის პირები, რომლებიც მათ მიაჩნიათ მოქალაქეებად და სხვა, მილიონობით ადამიანი ჩვენს ქვეყანაში თითქოს ადამიანიც კი არ არის. მცირე ჯგუფზე აქცენტის გაკეთება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მიუღებელია.

სხვა ქვეყნებშიც ზუსტად ანალოგიური მიდგომიდან გამომდინარე, ცდილობენ რომ გარე ჩარევებისგან თავი დაიცვან. ჩვენ ზუსტად ამ მიზნით არაერთი ცვლილება შევიტანეთ უკვე საკანონმდებლო სივრცეში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცვლილებას „გრანტების შესახებ“ კანონში, იგი ეხება პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას, თუ რა იგულისხმება გრანტად“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.