არჩილ გორდულაძე: რა ელჩის საქმეა ქვეყანაში, შიდა პოლიტიკურ აქტივობებზე, ურთიერთობებზე განცხადების გაკეთება?

„რა ელჩის საქმეა ქვეყანაში, შიდა პოლიტიკურ აქტივობებზე, ურთიერთობებზე განცხადების გაკეთება? პოლიტიკაზე განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თვითონ არიან ჩართული პოლიტიკაში, ქმნიან პოლიტიკას, ან არიან ექსპერტები“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ზოგიერთი ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებშიც კი ერევა და ქართველი ხალხის სახელითაც საუბრობს.
ამასთან, გორდულაძე ამბობს, რომ ელჩის ფუნქციაა, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა იყოს სათანადო დონეზე დიპლომატიური გზებითა და არხებით უზრუნველყოფილი.
„პირველ რიგში, დავსვათ კითხვა ელჩი საერთოდ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა აკეთებდეს თუ არა კომენტარს? რა ელჩის საქმეა ქვეყანაში, შიდა პოლიტიკურ აქტივობებზე, ურთიერთობებზე განცხადების გაკეთება? პოლიტიკაზე განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თვითონ არიან ჩართული პოლიტიკაში, ქმნიან პოლიტიკას, ან არიან ექსპერტები. ამ 3 კატეგორიიდან რომელს წარმოადგენს ელჩი? რამდენადაც ვიცით - არცერთს.
ელჩის ფუნქციაა, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა იყოს სათანადო დონეზე დიპლომატიური გზებითა და არხებით უზრუნველყოფილი. შიდა საქმეებში ჩარევა იქნება ეს თუ პოლიტიკური აქტივობა, ეს უნდა მივანდოთ პოლიტიკურ პარტიებს და რაც მთავარია, მის აღმატებულება ქართველ ხალხს. ზოგიერთი ელჩი, მათ შორის, ქართველი ხალხის სახელითაც საუბრობს და გვესაუბრება ისე, თითქოს მათ უკეთ იციან რა არის ქართველი ხალხისთვის საუკეთესო გამოვლინება, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთი ელჩი თავს აძლევს უფლებას, რომ კონკრეტულად, მაგალითად, მამუკა ხაზარაძისგან, ერთ-ერთი რიგითი „ნაცისგან“ იქირაოს კონკრეტული ფართი და თანხა გადაიხადოს ამ ყველაფერში, თავს უფლებას აძლევს, რომ იაროს სხვადასხვა რეგიონში და ისაუბროს.
ელჩები გადიან პირდაპირ დიპლომატიური ურთიერთობებიდან, როდესაც თავს უფლებას აძლევენ ჩაერიონ შიდა საქმეებში, თან როგორც კონკრეტული მხარის წარმომადგენლები, ან მხარის სასარგებლო განცხადებები აკეთონ. ეს არ არის ელჩის ფუნქცია“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.