არჩილ გორდულაძე: პედაგოგებს არა მხოლოდ სხვა სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა შეუძლიათ, არამედ შეუძლიათ საჯარო მოხელეებიც იყვნენ
პედაგოგიური საქმიანობა როგორც სკოლაში განათლების მიცემას გულისხმობს, ასევე გულისხმობს უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვასაც, შესაბამისად, პედაგოგებს არა მხოლოდ სხვა სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა შეუძლიათ, არამედ შეუძლიათ საჯარო მოხელეებიც იყვნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას.
მისივე განმარტებით, პედაგოგი უშუალო უფროსისგან აიღებს თანხმობას და მარტივად ჩაატარებს ორ სკოლაში გაკვეთილებს. გორდულაძის თქმით, პედაგოგიური საქმიანობის უფლება აქვთ საჯარო მოხელეებსაც.
„იმედის კვირასთან“ ინტერვიუში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა რეპეტიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ინფორმაციების თაობაზეც.
„რეპეტიტორული საქმიანობა არ არის რეგულირებული საქმე და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, სკოლასთან შეუთანხმებლად თავისი ცოდნა გადასცეს ბავშვებს“, - განმარტავს გორდულაძე.