არჩილ გორდულაძე ოპონენტს: კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შედარებას, რომ ადამიანი და საგანი თურმე სადმე, რამე კუთხით, რამე პლატფორმაზე შესაძლოა ტოლობის ნიშნით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული
„პირველ რიგში, კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შედარებას, რომ ადამიანი და საგანი თურმე სადმე, რამე კუთხით, რამე პლატფორმაზე შესაძლოა ტოლობის ნიშნით იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის პასუხად.
არჩილ გორდულაძის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა საკუთარ მოქალაქეზე, საკუთარ სახელმწიფოზე, საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ სუვერენიტეტზე ზრუნვა და შემდეგ მოდის სტუმართმოყვარეობა.
„ჩვენ ვერავინ გვასწავლის როგორ შეიძლება ვიყოთ სტუმართმოყვარე. რასაც ბატონი ვახტანგი საუბრობდა, რომ გადმოვთარგმნოთ რეალურად რა არის. თუ ვამბობთ იმას, რომ უცხოელი უნდა დასაქმდეს რადგანაც მისი დასაქმებისთვის გადასახდელი თანხა, ანაზღაურება უფრო იაფია, მაშინ რა გამოდის. და ეს ყველაფერი ყოფილა თურმე კარგი ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაშინ ავდგეთ, ბიზნესიდან ყველა გავათავისუფლოთ და საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მივცეთ დასაქმების უფლება, ვინაიდან გამოდის, რომ მაშინ ძვირს იხდიან საქართველოს მოქალაქეებისთვის. რადგანაც ძვირს იხდიან, ე.ი. საქართველოს სხვა მოქალაქეები ზარალდებიან. გავხსნათ საზღვრები, საქართველოს მოქალაქეები გავათავისუფლოთ დასაქმებიდან, მივიღოთ 2006 წლის შრომის კოდექსი, თითის გატკაცუნებით დამსაქმებელს რომ შეეძლო დასაქმებული სამსახურიდან გაეგდო, გაეთავისუფლებინა, არც კი დაესაბუთებინა. მივიღებთ რა შედეგს, ერთ დიდ ანარქიას მთელს ქვეყანაში. გამოვიწვევთ, რომ ქართველები, რომლებიც საქართველოში ვერ დასაქმდებიან, ისინი იძულებულები გახდებიან, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ.
ჩვენ ვარეგულირებთ, რომ ერთი მხრივ ბიზნესის ინტერესები, მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები ერთმანეთთან დაბალანსებულ თანხვედრაში იყოს“, - აღნიშნა მან.