არჩილ გორდულაძე მარტა კოსის განცხადებაზე: მოქმედი წევრები თუ ურთიერთობას დაამყარებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რას იზამენ, ევროკავშირიდან გარიცხავენ?! იქამდე მივდივართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ უნდა გვქონდეს?!
„მოქმედი წევრები თუ ურთიერთობას დაამყარებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რას იზამენ, ევროკავშირიდან გარიცხავენ?! იქამდე მივდივართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ უნდა გვქონდეს?!“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ მიიღო მარტა კოსის განცხადება - მუქარად, ულტიმატუმად, თუ როგორ.
„ყველა კანდიდატ ქვეყანას მოუწოდებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ლიდერსა და ადმინისტრაციასთან არ გქონდეთ ურთიერთობა, თუ გინდათ ევროკავშირის წევრი გახდეთო. სკანდალია ხომ? ერთი კითხვაც არსებობს - ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ყველაფერზე რა პოზიციას აფიქსირებენ, ან საერთოდ დააფიქსირებენ თუ არა. კანდიდატ ქვეყნებს თუ უკრძალავ ურთიერთობას, მოქმედ წევრებზე რა ხდება?! მოქმედი წევრები თუ ურთიერთობას დაამყარებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რას იზამენ, ევროკავშირიდან გარიცხავენ?! იქამდე მივდივართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ უნდა გვქონდეს?! მოქმედი ბიუროკრატია სრულიად აცდენილია რეალობასთან, სრულიად გასულები არიან დიპლომატიური ჩარჩოებიდან, პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობებში არიან შემჩნეულები და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ წესით გონიერი ადამიანი ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.