არჩილ გორდულაძე: „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა“ - ამ ტერმინის აღმოფხვრას ვცდილობთ საერთაშორისო მასშტაბით, არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, რომელიც არის ოკუპირებული
„„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა“ - ამ ტერმინის აღმოფხვრას ყველანაირად ვცდილობთ ჩვენი გუნდი საერთაშორისო მასშტაბით და ვამბობთ, რომ არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, რომელიც არის ოკუპირებული“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მიღებულია გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების თაობაზე.
მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით საკომიტეტოს მოსმენები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მიღებული მოღალატეობრივი გადაწყვეტილება.
„მოღალატე „ნაცმოძრაობის“ და აგენტების მხრიდან ისევ ხდება თავისი მოღალატეობრივი ნაბიჯის გამართლება. პირველ რიგში რაში გამოიხატება - სტრასბურგის სასამართლოში როდესაც საქმე განიხილებოდა რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაცია 2007 წელს საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით და მხარდაჭერით მიღებულ კანონს და დაკანონებულ ე.წ. ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებს უთითებდა მტკიცებულების სახით. საქართველოს მაშინდელმა მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ არსებობს ადმინისტრაციული ერთეული, რომლის საზღვრებიც განსაზღვრული არის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში. შესაბამისად, რაც მიმდინარეობს ურთულესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ბორდერიზაცია, ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილ საზღვრებს მიჰყვებიან. ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი გუნდია ის ადამიანები, რომლებმაც ჯერ სეპარატისტულ არჩევნებს მხარი დაუჭირეს, შემდეგ ტერიტორიული ერთეული შექმნეს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევით, როდესაც კონსტიტუციაში მაშინაც და ახლაც მითითებული იყო, რომ მხოლოდ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენის შემდეგ, კონსტიტუციური კანონით მოხდება ადმინისტრაციული მოწყობის გადასინჯვა, დაარღვიეს მაშინდელი კონსტიტუცია. ამავდროულად, შექმნეს საზღვარი და ამით მათ შორის ხელი შეუწყვეს ესკალაციის შემდეგაც იმ უდიდეს გამოწვევას ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ახლა ოკუპანტს - ოკუპანტის სახელი არ ექნებოდა წოდებული, მათ შორის სამართლებრივ დონეზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“ უქმდება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციირდება.