Loading data...
არჩილ გორდულაძე: ხანდაზმული თაღლითი ჯაფარიძე თუ ხაზარაძე დავალებას ასრულებენ, არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა „ინვესტიცია“ საერთოდ ახსენონ

„ხანდაზმული თაღლითი ჯაფარიძე თუ ხაზარაძე დავალებას ასრულებენ, არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა „ინვესტიცია“ საერთოდ ახსენონ“, - ამის შესახებ  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ცდილობენ სოციალური ფონის გაუარესებას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს.

„რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ აგენტის ბედი ზუსტად ასეთია, მან აბსოლუტური ტყუილები უნდა ილაპარაკოს, ყველაფერზე ხელი უნდა მოაწეროს და რაც მთავარია, შეასრულოს მიღებული დავალება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ქვეყანაში უნდა გაუარესდეს სოციალური ფონი, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს. ამ დავალებას ასრულებს ახლა, მაგალითად, ხანდაზმული თაღლითი ჯაფარიძე იქნება, თუ ხაზარაძე.

სხვათა შორის ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ცდილობდნენ, რომ ამოეღოთ მილიარდ-ნახევარი და საკუთარ ჯიბეებში ჩაედოთ და შესაბამისად, ამ ადამიანებს არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა „ინვესტიცია“ საერთოდ ახსენონ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც არ და ვერ ააშენეს ანაკლიის პორტი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველანაირად დაუდგა მათ გვერდში, მათ შორის, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების დონეზეც კი და ამ ადამიანებმა არაფერი გააკეთეს პორტის ასაშენებლად“, - აღნიშნა გორდულაძემ.