Loading data...
არჩილ გორდულაძე გიორგი დავითაძის განცხადების გარშემო მიმდინარე კამპანიაზე: საერთოდ როგორ ბედავენ მწამებლური სისტემის, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები პენიტენციური დაწესებულების ხსენებასაც კი! ეს ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ კამპანიას ისევ და ისევ პენიტენციური სისტემის რეპუტაციის და ზოგადად, მთელი ჩვენი გუნდისა და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან პარტია „დროას“ მიერ აქციის ორგანიზების ფაქტს გამოეხმაურა.

„საერთოდ როგორ ბედავენ სისტემური და სისტემატური, მწამებლური სისტემის შემქმნელები, რეჟიმის შემქმნელები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები პენიტენციური დაწესებულების ზოგადად, ხსენებასაც კი! ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა საქმიანობაც შეფასებულია სტრასბურგის სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და ისევ და ისევ ეს შეფასება, ჩემს მიერ ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლოს აქვს გაცხადებული.

კონკრეტული ადამიანი ამ უმძიმეს ბრალდებას აჟღერებს, რასთან დაკავშირებითაც შესწავლა განხორციელდა როგორც სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მხრიდან, ასევე შესაბამისი სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან და არ დადასტურდა ასეთი ფაქტი. შემდეგ ეს ყველაფერი ინფორმაცია გაჟღერდა, ზუსტად ერთი დღის შემდეგ, როდესაც საიამ კვლევა გამოაქვეყნა და მიმართვა გავრცელდა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს შემდეგ აჰყვა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათი წევრები, მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები და მათი მართული მედია. ეს ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ კამპანიას ისევ და ისევ პენიტენციური სისტემის რეპუტაციის დასაზიანებლად და ზოგადად, მთელი ჩვენი გუნდისა და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად.

იმავეს აკეთებდნენ წარსულში, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ორ უმძიმეს განუკურნებელ სენს ებრძოდა და შემდეგ განიკურნა. ზუსტად ამ ოპერიდან არის ასეთი ბრალდებები“, - აღნიშნა გორდულაძემ.