არჩილ გორდულაძე გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო უწყების განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.
გორდულაძის თქმით, საქართველოს მთავრობას ამ სანქციებით ვერ შეაშინებენ და ვერ დაავალდებულებენ იმის გაკეთებას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის.
„სამწუხაროდ, ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის მიერ ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ ამ სანქციებს როდესაც აწესებენ, მას თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს და ამავდროულად, უნდა იყოს დამაშინებელი ეფექტის მქონე. ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო ჩვენ - „გლობალური ომის პარტიას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.