არჩილ გორდულაძე: ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, საინიციატივო ჯგუფის შეთავაზების შინაარსს გაეცნოს და პარტიაში განიხილოს.
მისი თქმით, ხელისუფლების კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ქვეყნის ინტერესების, იდენტობისა და სახელმწიფოებრივი საფუძვლების დასაცავად საკუთარი წვლილის შეტანა სურს.
„უმნიშვნელოვანესია იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქედ აქცევს, საქართველოს - საქართველოდ. ის წარსული და აწმყო, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის შემქმნელი მომავლისა.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დაცული და გარანტირებული იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდის ინიციატივით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება იქნა მიღებული ამ მოწვევის პარლამენტის მიერ.
ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ხელშესახები ფაქტები, რომ გარედან დაფინანსებით ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობენ, ყველანაირი ღირებულება განულდეს ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი გრძელდება ათწლეულებია.
ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, თუ რაიმე ინიციატივა არსებობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამავდროულად, ვნახავთ, რა შინაარსისაა და შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება ჩვენს გუნდში ამ საკითხის განხილვა.
რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველა ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ამ ქვეყნის განვითარებისთვის და ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძველი“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებისგან ითხოვს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფას დაარეგულირებს. საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომელთა შორის არიან რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია და მსახიობი გიორგი შანიძე, მიიჩნევენ, რომ მსგავსი კანონი საზოგადოებას ქუჩაში მიმდინარე დაპირისპირებებისგან დაიცავს.