არჩილ გორდულაძე: ბატონი ხაზარაძე ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია
„ბატონი ხაზარაძე ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია, ამაზე სულმდაბალ საქციელს ალბათ ვერავინ მოიფიქრებდა დედამიწის ზურგზე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ხაზარაძე ქართულ ჯარს მოუწოდებს, არ დაემორჩილოს ახალ პრეზიდენტს.
მისი თქმით, ხაზარაძე თავისი პატრონების დავალებებს ასრულებს.
„ხაზარაძე რასაც კადრულობს, ეს პირდაპირ ქვეყნის ინტერესებისა და ქართველი ხალხის საწინააღმდეგო განცხადებაა, როდესაც ადამიანი მოუწოდებს ქართველ ჯარს, ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პატივსაცემ ინსტიტუციას და ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ამ ჯარმა არ უნდა შეასრულოს თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება და ქვეყნის წინაშე დადებული ფიცი, ამას რომ ადამიანი იკადრებს, ამაზე ზნედაცემული საქციელი უბრალოდ არ არსებობს.
ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანი, მათ შორის ბატონი ხაზარაძე, ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი პატრონების დავალების შესრულებით არის დაკავებული და ახლა მიღებული აქვთ დავალება თავიანთი პატრონებისგან, რომ მათ შორის ჯარსაც კი მოუწოდონ, რომ არ დაემორჩილონ ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის წინაშე დადებულ ფიცს. ამაზე სულმდაბალ საქციელს ალბათ ვერავინ მოიფიქრებდა დედამიწის ზურგზე“, - აღნიშნავს გორდულაძე.