არჩილ გორდულაძე: არავის საქმე არ არის, როდის ჩატარდება საქართველოში არჩევნები

„არავის საქმე არ არის, როდის ჩატარდება საქართველოში არჩევნები, ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ ჩეხეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზეა საუბარი.
მისი თქმით, ქართველი ხალხის უსამართლო დამოკიდებულებას ვერ იტანს და კარგია, რომ ადამიანების ნაწილი, ხმას იმაღლებს „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების წინააღმდეგ.
„რეზოლუციებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ: არავის საქმე არ არის, როდის ჩატარდება საქართველოში არჩევნები. ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. არ სჭირდება არავის სხვა ძალების, დიპლომატების, ბიუროკრატიის წარმომადგენლების ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.
ქართველი ხალხი რასაც, პირველ რიგში, ვერ იტანს, არის სწორედ უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც მომდინარეობს „დიფ სთეითის“ მიერ მართული ქვეყნებიდან თუ კონკრეტული ქვეყნების გაერთიანებიდან და ბიუროკრატებიდან. კარგია, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხმას იმაღლებენ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებისა და მათი მართული ადამიანების წინააღმდეგ, იზრდება. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.
ჩვენც ეს გვინდა, არ არსებობდეს ბნელი ძალები, რომლებიც ცდილობენ ფარდას ამოეფარონ და ამ ფარდიდან მართონ სხვადასხვა მოვლენები. ასევე, ჩვენ არ გვინდა, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იყოს აქ ვინმე დასმული, როგორც ადრე, როდესაც იმპერიები არსებობდნენ. ეს ჩვენ არ გვჭირდება. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ.
სანამ იქნება ქართველი ხალხი და ეროვნული ხელისუფლება ქვეყნის სათავეში, იქნება შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს გამყარებული და გამტკიცებული. ფასადურად არ გვჭირდება არც დამოუკიდებლობის ქონა და არც უბრალოდ სუვერენიტეტი იყოს სადღაც უბრალოდ ჩანაწერი“, - აღნიშნავს გორდულაძე.