Loading data...
არჩილ ბერიძე: ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე, საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი, გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოგისტიკური ჰაბი, რეგიონული ეკონომიკური ზრდის ცენტრი, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მიმღები ქვეყანა

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გულწრფელად და მკაფიოდ ავუხსნათ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები - რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რატომ არის ეს პერიოდი ასეთი დაძაბული და რა არის არსებული თუ განვლილი პოლიტიკური ტურბულენტობის გამომწვევი რეალური მიზეზები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ ბერიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით, ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის ზრდის ფონზე „აბრეშუმის გზა“ ხდება კვლავ განსაკუთრებული ინტერესის საგანი.

„ასევე, მნიშვნელოვანია ვუთხრათ სიმართლე იმ გამუდმებული, უსაფუძვლო თავდასხმების შესახებ, რომლებიც ევრობიუროკრატებისა და სხვადასხვა გარე ძალების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. მსოფლიო დღეს დგას ახალი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წესრიგის ფორმირების ზღვარზე.

ენერგეტიკული უსაფრთხოება, ლოგისტიკური დივერსიფიკაცია, სავაჭრო ჯაჭვების სტაბილურობა - ეს ყველაფერი უკვე აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ჩვენი მომავლის საკითხი.

ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობა და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ქართველი ერისთვის ისტორიულად ნაცნობი „აბრეშუმის გზა“ კვლავ ხდება განსაკუთრებული ინტერესის საგანი.

და სწორედ, ამიტომ იზრდება ინტერესიც საქართველოს მიმართ - როგორც ამ გზის განუყოფელი ნაწილის მიმართ“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

ბერიძის განცხადებით, ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ლოგისტიკური ჰაბი.

„ახალი საერთაშორისო-ეკონომიკური წესრიგის ფორმირების ეტაპზე საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოგისტიკური ჰაბი, რეგიონული ეკონომიკური ზრდის ცენტრი, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მიმღები ქვეყანა. შუა კორიდორის გაძლიერება ნიშნავს პორტების განვითარებას, რკინიგზის მოდერნიზაციას, დასაქმების ზრდას და რეგიონული პოლიტიკური წონის გაზრდას. ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს. მაგრამ ჩვენი რეგიონის და საქართველოს როლის ზრდასთან ერთად, იზრდება გარე ძალების ინტერესიც - საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული, სრულად დაქვემდებარებული ხელისუფლება, რომელიც არა ეროვნული ინტერესებით, არამედ გარე დავალებებით იმოქმედებს. ზუსტად ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.