ამირან სალუქვაძე - არ არსებობს არანაირი დასაბუთება იმის, რომ რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი, შეიძლება, ავიდეს სხვა ქვეყანაში პოლიტიკური აქციის სცენაზე, მით უმეტეს, ხელისუფლების წინააღმდეგ
„სუვერენიტეტი არის ის, რომ ყველა ქვეყნის და ყველა ორგანიზაციის ხელისუფლებაზე მაღლა დგას ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალი, დამთავრდა“, – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩარევა არის ჩარევა და რეკომენდაცია არის რეკომენდაცია, რჩევა არის რჩევა. ამაზე რა ვიცი, შეიძლება შესვლა ვიკიპედიაში და ყველაფერს განმარტება აქვს. არის ქვეყნის შიგნით პოლიტიკა, არის ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკის წარმოება და აქ მნიშვნელოვანია, ხარ დამოუკიდებელი თუ სხვისი ჭკუით დადიხარ და სხვის ჭკუაზე ატარებ საგარეო პოლიტიკას. თუ ასეა, მაშინ ეს არ არის შენი საგარეო პოლიტიკა. ასი პროცენტით დამოუკიდებელი ქვეყანა იმ გაგებით, რომ შენ ყველაფერს შენს ჭკუაზე აკეთებდე ქვეყნის გარეთ, არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ შენ ითვალისწინებ სხვა ქვეყნების ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ინტერესების შეთანხმება არის ზუსტად საგარეო პოლიტიკა და იქიდან გამომდინარე, თუ რომელ ქვეყანასთან გაქვს მეტი თანხვედრა ამ ინტერესების, გაქვს ურთიერთობები – ვინ არის შენი სტრატეგიული პარტნიორი, ვინ არის უბრალოდ პარტნიორი, ვინ არის კეთილი მეზობელი, ვინ არის მტერი და ოკუპანტი. აი, ასე ლაგდება ეს ყველაფერი და ეს ინტერესები ჩვენ გაწერილი გვაქვს, დაწყებული კონსტიტუციიდან, დამთავრებული სხვადასხვა კონცეპტუალურ დოკუმენტში; მათ შორის, გვაქვს გაწერილი ეროვნული ღირებულებები და ხელისუფალი, რომელსაც ვირჩევთ, ემსახურება ზუსტად ამ ეროვნული ღირებულებების დაცვას. ეროვნული ინტერესები, რომელიც გაწერილია დეტალურად, ამ ღირებულებების მისაღწევად არის“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისი თქმით, როცა ჩვენ გამოვთქვით ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, ავიღეთ ვალდებულებები და მივყვებით ამ ვალდებულების შესრულებას, რის შედეგადაც ათასობით რეკომენდაცია-რეგულაცია არის შესრულებული სხვადასხვა უწყების მიერ.
„არის საკითხები, რასაც ჩვენ ნებაყოფლობით ვასრულებთ და ამ საკითხებში რეკომენდაცია-ჩარევა არ არის. ეს არ მუშაობს ჩვეულებრივად, ამ ორმხრივი შეთანხმების შესასრულებლად. როცა, კონცეფციის თანახმად, კონსტიტუციის თანახმად მოქმედებ, აფორმებ შეთანხმებას და მიუყვები ამ შეთანხმებას, შესაბამისად, გაფორმებულ რეკომენდაციებს ასრულებ და ეს არ არის ჩარევა, მაგრამ როცა ჩამოდის აქ ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკოსი და ადის ბარიკადებზე, არ არსებობს არანაირი დასაბუთება იმის, რომ რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი, შეიძლება, ავიდეს სხვა ქვეყანაში პოლიტიკური აქციის სცენაზე, მით უმეტეს, ხელისუფლების წინააღმდეგ. არ არსებობს ასეთი რამ, არსად“, – განაცხადა სალუქვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს ცეცხლი უკიდია, რატომ მოიცალა საქართველოსთვის ეუთომ, რომ ამოქმედებულიყო ე.წ. მოსკოვის მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც 57 ქვეყნიდან მხარი დაუჭირა 24-მა ქვეყანამ, ხოლო 32-მა მხარი არ დაუჭირა და რა უნდა ქნას საქართველომ, უპირობოდ უნდა შეასრულოს ამ 24 ქვეყნის რეკომენდაცია თუ უნდა გაითვალისწინოს იმ 32 ქვეყნის რეკომენდაცია, რომელმაც „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ე.წ. მოსკოვის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით ცალსახად არის უსამართლო.
„ეს წარმოუდგენელია, ჩვენ თუ შევადარებთ, როდის აუმოქმედებიათ ეს მექანიზმი. ჯერ ვიღაცის ფანტაზიაში ხომ უნდა დაიბადოს ეს, რომ სადღაც, დამტვერილ ბოლო თაროზე რაღაც რომ აქვთ შემოდებული, იმას რომ საქართველოსთან მიმართებით აამოქმედებ? მე უსამართლობაზე ვლაპარაკობ, რომ საქართველოსთან მიმართებით ამის ამოქმედება იმ თემების გამო, ახლა რაზეც მიდის რაღაც პრეტენზიები ცალმხრივად, არის სრული კატასტროფა. როცა რეკომენდაციებზეა საუბარი, ამაზე გასცა პასუხი პრემიერ-მინისტრმა, რომ იმას, რაც ჩვენ მიგვაჩნია სამართლიანად, რა თქმა უნდა, შეასრულებენ, მაგრამ არის იქ საკითხები, რომლებიც მიუღებელია“, – განაცხადა სალუქვაძემ.