Loading data...
ალუდა ღუდუშაური: ევროკომისიის კვლევის პარალელურად შეუძლიათ, გამოვიდნენ და თქვან, რომ საქართველოსთან მიმართებით არის არა ის, რაც მათმა კვლევამ აჩვენა, არამედ სრულიად საპირისპირო - მივეჩვიეთ, რომ სადაც არის სუბიექტური მიდგომა, იქ ვხედავთ სრულიად სხვას

„ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ და სწორედ ამის გამოძახილია ეს კვლევაც, მაგრამ ჩვენ გვესმის და ვხედავთ ორმაგ სტანდარტს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ევროკომისიის კვლევაზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნული ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუშია.

„ამ კვლევის პარალელურად შეუძლიათ, რომ გამოვიდნენ და თქვან სრულიად განსხვავებული, რომ საქართველოსთან მიმართებით არის არა ის, რაც მათმა კვლევამ აჩვენა, არამედ სრულიად სხვა, საპირისპირო. ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამას. ეს იყო სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. რამდენიმე წელია, ჩვენ უკვე ამას მივეჩვიეთ, რომ ობიექტური მოცემულობა, ობიექტური კვლევა არის ერთი და ეს ნამდვილად ეფუძნება იმას, რასაც ჩვენ გეგმაზომიერად, ძალიან დიდი შრომის შედეგად ვაკეთებთ და პრინციპული ნაბიჯების შედეგად ვაღწევთ, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ სადაც არის პოლიტიკური ნება, სადაც არის სუბიექტური მიდგომა, იქ ვხედავთ სრულიად სხვას და აბსოლუტურად განსხვავებულს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.