ალექსანდრე რაქვიაშვილი - ქართველები რა გამძლე ხალხი ვყოფილვართ, გერმანელებს რითაც ხოცავდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩვენ არათუ არ გვკლავს, მაქსიმუმ, თუ გვაბრაზებს
„ის, რითიც გერმანელებს ხოცავდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩვენ არათუ არ გვკლავს, მაქსიმუმ, თუ გვაბრაზებს“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ბიბისის“ მასალას ეხმაურება.
„ისე, ქართველები რა გამძლე ხალხი ვყოფილვართ. ის, რითიც გერმანელებს ხოცავდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩვენ არათუ არ გვკლავს, მაქსიმუმ, თუ გვაბრაზებს“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.