Loading data...
ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს განაჩენი იმის დასტურია, რომ დღეს საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული კონსტიტუციით და ყველა ადამიანი არის კანონის წინაშე თანასწორი.

„ეს არის იმის დასტური, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელიც არის ყველასთვის გარანტირებული კონსტიტუციით, ყველა ადამიანის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა არის ის დამნაშავე თუ არა, არის დაცული კონსტიტუციით და ყველა ადამიანი არის კანონის წინაშე თანასწორი.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს, ან რომელ სახელმწიფო სტრუქტურას, კანონდამრღვევი იქნება უმკაცრესად დასჯილი და სწორედ ეს განასხვავებს ჩვენს ხელისუფლებას 2012 წლამდე ხელისუფლებისგან სააკაშვილის თამადობით, რომელიც ანალოგიურ შემთხვევაში სააკაშვილით დაწყებული სულ ქვემოთ დამთავრებული ჩართული იქნებოდა ასეთი დანაშაულის დაფარვაში და მიჩქმალვაში“, - აღნიშნავს აკაკი ალადაშვილი.